რეზონანსი
26.01.2026

დებატები, როგორც ჩანს, ბევრს სხვანაირად ესმის. ისე არ ესმის, როგორც რეალურად არის. დებატები აზრთა ჭიდილი და არგუმენტების შეპირისპირებაა. სწორედ ამ ფორმატში გაიმართება პროცესი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ექსტრემისტების, რადიკალების მათი მთავარი მიზანი დაპირისპირება, ემოციებითა და ლოზუნგებით საუბარია“.

„სამწუხაროდ, ლანძღვა-გინება და მსგავსი სიძულვილის ენა დღევანდელ მედიასივრცეში არც ისე გვაკლია. ისეთ ფორმატზეა საუბარი, სადაც არის არგუმენტების შეპირისპირება, ფაქტების ჭიდილი. ქვეყნისთვის ეს კარგი იდეაა. ამ ფორმატზე სადაც იქნება საუბარი, ჩვენი გუნდი ყველგან ჩაერთვება და არა ლანძღვა-გინებაში. არც ჩვენ და არც საზოგადოებას ექსტრემისტებთან, რადიკალებთან სალაპარაკო არ გვაქვს. მათი მთავარი მიზანი დაპირისპირება, ლანძღვა-გინება, ემოციებით და ლოზუნგებით საუბარია. ჩვენი მიზანია დებატები და ჭეშმარიტი არგუმენტების შეპირისპირების პროცესი. არ მგონია, ოპოზიცია ისეთ ვითარებაში იყოს, რომ წინაპირობები წარმოადგინოს. ფორმატი იქნება და დებატებში ჩართვის საშუალება ექნებათ. დებატებიდან თუ  გაიქცევიან, ეს მათი არჩევანი იქნება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×