
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება და მასალებში მხოლოდ მისი სახელი, გვარი და 15-წლიანი სასჯელის მუხლია მითითებული.
შესაბამისი განცხადება ვაშაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მისი სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვაშაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, ის ის მზად არის, გირაო გადაიხადოს.
„როდესაც საპატიმროდან გამოვედი ვთქვი, რომ საქმეში ცარიელი ფურცელია, მხოლოდ სახელი და გვარია და 15 წლიანი მუხლი. სწორი არის ის, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პროკურატურაში ასეთი საქმეები არ უნდა არსებობდეს. საქმეში არაფერი დევს, არც მტკიცებულები უდევთ საქმეში. ველოდი აღკვეთ ღონისძიებას, სხვათა შორის ზურას (გირჩი-ჯაფარიძე) დავურეკე და ვკითხე რომელ საათზე დაგიბარეს-თქო. ის 15:00 საათზე დაიბარეს.
ვიცი, რომ გირაოს სახით 30 000 ლარს ითხოვენ. დანარჩენზე არ მაქვს ინფორმაცია. შევალ და გავარკვევ.
საქმის მასალებში არაფერი წერია. ჩემი სახელი და გვარი წერია და წერია 15 წლიანი მუხლი. არ წერია კი არა, ჩემთან დაკავშირებით საქმეში არაფერი დევს. არც გაყალბებული მტკიცებულებები დევს. გამიკვირდა სიმართლე გითხრათ. ეს ემსახურება იმას, რომ შევაჩეროთ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გვაქვს - ვერ ვიზამთ ამას, ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვესმის რა პროცესში ვართ. გვინდა ამ ქვეყანაში დაპირისპირებები დასრულდეს და ეს დასრულდება, როდესაც სამართლიანობა არსებობს. სამართლიანობა არის, როდესაც არსებობს რაღაც პროცესი რომლის მიმართ საზოგადოებას აქვს ნდობა.
რა თქმა უნდა, გირაოს გადავიხდი. წინა საქმეზეც შევიტანე გირაო“,- განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 2025 წლის 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ვაშაძემ საპატიმრო 23 იანვარს დატოვა. მას სასამართლოს მიერ შეფარდებული 7-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.