რეზონანსი
26.01.2026

მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა თავის მხრივ განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე საკითხის დაყენებით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ჟენევაში, სადაც გაერო-ს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა მიმდინარეობს.

„საუბედუროდ რუსეთის ფედერაციის მიერ მისი სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის გამო მოკლებული ვართ შესაძლებლობას ყველა ზემოაღნიშნული ზომა ოკუპირებულ რეგიონებშიც განვახორციელოთ.

ორივე ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული და ჰუმანიტარული ვითარება დღითიდღე უარესდება. საოკუპაციო ძალის მიერ ხსენებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევები, მათ შორის მოიცავს სიცოცხლისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლებების დარღვევას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, უკანონო დაკავებებსა და ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას. ადამიანის უფლებების მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს არ ეძლევათ ამ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო სრულადაა პასუხისმგებელი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, როგორც ეს დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებში", - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×