რეზონანსი
26.01.2026

სამი დღის წინ დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ, რა მზაობა ვნახეთ ჩვენ „ქართული ოცნების" მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა, რისი მოწმენიც დღემდე ვართ , -ამის შესახებ ინიციატივა „ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელმა, „ჯეოქეისის" ხელმძღვანელმა ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება შეაფასა და ოპოზიციაზეც ისაუბრა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული ჯგუფები მაქსიმალურად მოწადინებულები იქნებიან, რომ პროცესის ბოლოში გავიდნენ, ამიტომ, მისივე თქმით, აუცილებელია, ოპოზიციონერმა ლიდერობისადმი „მანიაკური გრძნობა ჩაკლას" და ადამიანებთან მეტი კონკრეტიკით ისაუბროს.

„როდესაც ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, ეს არის გაცილებით უფრო რთული თემა სასაუბროდ, ვიდრე „ქართული ოცნება" , რადგან, როდესაც საუბრობ ოპოზიციის მდგომარეობაზე, ძალიან რისკავ, რომ გაახვიო საკუთარი თავი კრიტიკის ქარ-ცეცხლში, მაგრამ ჩვენ ამაზე წელს ალბათ, ღიად უნდა ვისაუბროთ, ვინაიდან, თუ გასული წელი ასე თუ ისე საყაიმო შედეგით დასრულდა, წელს „ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული ჯგუფები მაქსიმალურად მოწადინებულები იქნებიან, რომ პროცესის ბოლოში გავიდნენ, ამიტომ ჩვენ ახლა რევერანსებითა და ნახევრად კრიტიკით საუბრის ფუფუნება არ გვაქვს, ამდენად, ჩვენს ოპოზიციას აუცილებლად უნდა ვუთხრათ ერთი რამ, რომ პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციის განახლებაზე, რაში მდგომარეობს ეს განახლება - დაწყებული ისეთი სიმბოლიზმებიდან, როგორიც არის საკუთარ თავში ლიდერობისადმი მანიაკური გრძნობის ჩაკვლა, ეს არის მნიშვნელოვანი მენტალური რევოლუცია. მეორე, ნაკლები საუბარი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე განა იმიტომ, რომ ეს უმნიშვნელოა, ეს თავისთავად ნაგულისხმევია, მაგრამ უფრო მეტი კონკრეტიკა გვჭირდება მეტად სპეციფიკური მიმართულებების მიხედვით - ურბანისტიკა იქნება, მრეწველობის საკითხები იქნება, აგრარული თემები იქნება. პოლიტიკოსის საუბარში მოქალაქემ უნდა დაინახოს, ცვლილებების შედეგად ეს ცვლილებები როგორ შევა მის ოჯახში, მის სამეზობლოში, სანათესავოში, როგორი იქნება გარდასახვა", - განაცხადა ყიფიანმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას დებატებთან დაკავშირებით, ყიფიანმა უპასუხა, რომ კობახიძესთან დებატები მისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა.

„იმავე საღამოს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება, ჩვენ გამოვეხმაურეთ და ვთქვით, რომ მზად ვართ. გვეგონა და მოლოდინი გვქონდა, შეიძლება ძალიან მიამიტური, რომ ამ განცხადებას მოჰყვებოდა შესაბამისი ნაბიჯები, მაგრამ შემდგომი დღეების ქრონიკა მიუთითებს იმაზე, რომ ეს განცხადება არ იყო გულწრფელი. ეს იყო გარკვეული თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა როგორც შინ, ასევე გარეთ.

როცა შენ სადებატოდ მეპატიჟები და ისევ ძველი რეპრესიული მეთოდებით აგრძელებ ოპონენტებთან საუბარს, რა თქმა უნდა, აქ დებატების სივრცე ძალიან მცირე არის.

რა თქმა უნდა, ბატონ კობახიძესთან ჩემთვის დებატები ძალიან საინტერესო იქნებოდა და ჩემი აზრით, აუდიტორიისთვისაც ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნებოდა. ის ჩემთვის ძალიან საინტერესო მოსაუბრეა მისი ფსიქო-ტიპაჟით დაწყებული, მისი ინტელექტუალური ბაგაჟით დამთავრებული. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო დუელი იქნებოდა, მაგრამ ასე დებატებზე რომ გახვიდე, გარკვეულწილად, საზოგადოებრივი ლეგიტიმაციაც უნდა გქონდეს და ამ შემთხვევაში ლეგიტიმაცია გადის დებატის კონცეფციისადმი ლეგიტიმაციაზე. საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან ასეთი შემოთავაზების მიმართ ასეთი სანდოობა და მიმღებლობა ძალიან დაბალია", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×