თამთა ჩაჩანიძე
27.01.2026

ჰელსინკის კომისია 28 იანვარს საქართვლოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს. ოპოზიციის განცხადებებში იკითხება, რომ დიდია მოლოდინი ამ მოსმენასა და მის შედეგებზე, თუმცა, ანალიტიკოსები უფრო რეალისტურად არიან განწყობილი და მიაჩნიათ, რომ ეს რაიმე ხელშესახებ ცვლილებებს არ გამოიწვევს.

კომისიის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, „ქართული ოცნების" ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს".

დისკუსიის მონაწილეთა შრის არიან მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 28 იანვრის დისკუსია არც საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე და არც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე არ აისახება.

„ეს ზუსტად იგივეა, რა მნიშვნელობისაც იყო ადრე გამართული დისკუსიები. ოპოზიციისთვის ბევრი არაფრის მიმცემი არაა გარდა იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ექნებათ სალაპარაკო, დროებითი ეფექტი ექნება.

  • „ჰელსინკის კომისიის სანდოობა და კეთილსინდისიერება ეჭვის ქვეშ მაშინ დადგა, როდესაც საქართველოს შესახებ მათ მოსმენებზე იმ ადამიანების მოწვევა დაიწყეს, რომლებიც თავიდანვე ცნობილნი არიან ხელისუფლებასთან ოპონირებით.

„ფაქტიურად გამოდის, რომ იქ დამსწრე პატივცემულ ადამიანებს - სენატორებს, კონგრესმენებს და ექსპერტებს - აბსოლუტურად ცალმხრივი ინფორმაცია მიეწოდებათ.

„ჰელსინკის კომისიის ამჟამინდელი მომხსენებლები არიან ოლესია ვართანიანი და ლორა თორნტონი. ეს ის ლორა თორნტონია, რომელიც აქაურ ოპიზიციას რეცეპტებს უგზავნიდა საპროტესტო აქციები როგორ დაეგეგმათ და უკეთ როგორ დაემხოთ ხელისუფლება. იგივე შეიძლება ითქვას ოლესია ვართანიანზე, რომელიც აბსოლუტურად მიკერძოებულია მისი სტატია-პუბლიკაციებიდან და ადრე გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, როდესაც აბსოლუტურაც ცალმხრივი შეფასებები ჰქონდა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რამდენად გასცდება სასაუბრო თემა ჰელსინის კომისიას და მივა თუ არა აშშ-ს ადმინისტრაციამდე, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„რა თქმა უნდა ინფორმაციის სახით მივა, რადგან როდესაც კომისია მუშაობს, წესია, რომ მან ინფორმაცია ამის თაობაზე შესაბამის სტრუქტურებს მიაწოდოს - სახელმწიფო დეპარტამენტს, სენატის შესაბამის კომისიებს, თეთრ სახლს და ა.შ. აბა ტყუილად დაიხარჯნენ ეს ხალხი რომ მიიყვანეს? მაგრამ დღეს აშშ იმდენად სხვა პრობლემებითაა დაკავებული, რომ საქართველოსთვის არ სცხელათ.

„რეაქცია შეიძლება იყოს შემდეგი - დავუშვათ, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარდა ბრიფინგი, გამოვიდნენ ცნობილი ჟურნალისტები, იგივე ალექს რაუფოღლუ, დაუსვა შეკითხვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, რომ ჰელსინკის კომისიამ ეს და ეს რეზოლუცია მიიღო საქართველოზე, ის სტანდარტულ პასუხს გასცემს - რომ „ჩვენ შეწუხებული ვართ საქართველოში არსებული მდგომარეობით". მორჩა, ამის იქით საქმე არ წავა.

„თუმცა, საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ედება და გროვდება ნეგატიური ინფორმაციები, რომელიც მერე ერთ ცუდ დროს შეიძლება იმაში გადაიზრადოს, რომ ხალხი წაიკითხავს და იფიქრებს, რომ საქართველოში მართლაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა.

„ხელისუფლების ადგილზე, ჰელსინკის კომისიას წერილით მივმართავდი, რომ თუ მართლაც უნდათ მიიღონ ობიექტური სურათი რა ხდება საქართველოში, მიიწვიონ ალტერნატიული მოსაზრების მქონე ექსპერტები, რომ მოხსენება მათაც ჰქონდეთ და მერე შეაჯერონ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ნუ ქმნიან წინასწარ მაღალ მოლოდინებს.

„ჰელსინკის კომისიის დასკვნებს არსებითი გავლენა აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე არ ექნება. ამიტომ საერთოდ მოვუწოდებ ხოლმე პოლიტიკოსებს, ნუ ქმნიან მაღალ მოლოდინებს. მოულოდნელობა სჯობს მაღალი მოლოდინებით გულაცრუებას. ჩვენ მაღლა ვწევთ ხოლმე თამასას და აღმოჩნდება, რომ ის შედეგი არ არის.

  • „სჯობს ვთქვათ, რომ ბევრს არაფერს არ ველოდებით და მერე უცებ ბომბასავით აფეთქდეს და ყველა გაგვახაროს.

„ველოდები, რომ საქართველოს სასარგებლო იქნება ეს რეზოლუცია, მაგრამ ეფექტს არ მოახდენს. საქართველოში „ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა ძალაუფლების გამყარება. მან ძალაუფლება უკვე გაიმყარა არჩევნების ბოიკოტით და ასი პროცენტით ფლობს სიტუაციას. ასეთი მოსუფთავებული არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროს არ ყოფილა მოედანი, დაუთმო თავისი ნებით ოპოზიციამ. ამ ფონზე გქონდეს იმედი ან ბრიტანეთის სანქციების, ან ევროკავშირის სანქციების, ან ამერიკის, არის სასაცილო და უსუსურობა. ამიტომ მგონია, რომ იქნება გარკვეული გულაცრუება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×