
სამშაბათს ინდოეთმა და ევროკავშირმა ბოლო-ბოლო ხელი მოაწერეს იმ გაჭიანურებულ სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უმეტეს საქონელზე ტარიფები მნიშვნელოვნად მცირდება.
გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ზრდის ფონზე, შეთანხმება ორმხრივი ვაჭრობის ზრდასა და შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ შეთანხმება 2032 წლისთვის ინდოეთში ევროკავშირის ექსპორტს გააორმაგებს, რაც სავაჭრო საქონლის 96.6%-ზე ტარიფების გაუქმებით ან შემცირებით მოხდება და ევროპული კომპანიებისთვის გადასახადების სახით 4 მილიარდი ევროს დაზოგვას გამოიწვევს.
ინდოეთის სავაჭრო სამინისტროს ცნობით, ევროკავშირი შვიდი წლის განმავლობაში ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონლის 99.5%-ზე ტარიფებს შეამცირებს. ინდური ზღვის პროდუქტებზე, ტყავისა და ტექსტილის ნაწარმზე, ქიმიურ პროდუქტებზე, რეზინზე, ძირითადი ლითონებზე, ასევე ძვირფას ქვებსა და სამკაულებზე ტარიფები ნულამდე შემცირდება.
ინდოეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ისეთ პროდუქცია, როგორიცაა სოიო, საქონლის ხორცი, შაქარი, ბრინჯი და რძის პროდუქტები სავაჭრო შეთანხმების ფარგლებს გარეთ დარჩა.
"გუშინ ევროკავშირსა და ინდოეთს შორის დიდი "დედა" შეთანხმება გაფორმდა, რაც უდიდეს შესაძლებლობებს მოუტანს ინდოეთის 1.4 მილიარდიან მოსახლეობასა და ევროპაში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს," - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.
ორ ათწლეულზე მეტხანს მიმდინარე ევროკავშირ-ინდოეთის სავაჭრო მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში მას შემდეგ გადავიდა რაც ვაშინგტონმა ინდური საქონლის ნაწილზე 50%-იანი ტარიფები დააწესა და ასევე გრენლანდიიის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ტარიფების აწევით დაემუქრა მოკავშირეებსაც.