რეზონანსი
28.01.2026

ეს განცხადება ასევე აჩვენებს იმას, რომ ამას სხვების კარნახით აკეთებს, რადგან წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე და რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ესაუბროს ამ ტონით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას საქართველოსთან დაკავშირებით, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადების შეფასება სთხოვეს.

„ყველას შეგახსენებთ, რომ მაია სანდუ არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველოში 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესს მხარი დაუჭირა. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს, რაც აჩვენებს რა ღირებულებების საწყისზე დგას ეს ადამიანი. ეს განცხადება ასევე აჩვენებს იმას, რომ ამას სხვების კარნახით აკეთებს, რადგან წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე და რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ესაუბროს ამ ტონით. როდესაც ვისმენთ ამგვარ ანტიქართულ რიტორიკას მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ეს სრულიად აღმაშფოთებელია და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს რეაქცია. ალბათ თავის დროზეც უნდა გვქონოდა ძალიან მკაფიო რეაქცია, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ხელისუფლების ძალადობრივად დამხობაში მონაწილე ჯგუფებს.

ეს არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას და არ მგონია, რომ აქ სალაპარაკო გვქონდეს რაიმე სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე. როგორც წესი, ჩვენი შინ ნაზარდი ძალად ევროპელები ყველას ექომაგებიან ხოლმე საქართველოს და საკუთარი ქვეყნის გარდა და შეგახსენებთ რა იყო ქალბატონი სანდუს განცხადების დასაბუთება. მისი დასაბუთება იყო, რომ მოლდოვა არის პატარა სახელმწიფო, ვერ გადარჩება და ამიტომ უნდა შეუერთდეს დიდ სახელმწიფოს. როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს, რომ ეპატარავება საკუთარი სახელმწიფო და იმდენად მცირედ მიაჩნია, რომ იმისთვის რომ გადარჩეს, საჭიროა გაუქმდეს, ფაქტია, რომ მართლაც სხვადასხვა ორბიტაზე ვართ ღირებულებების მხრივ და მოლდოვას რაიმე კონკურენციას ვერ გავუწევთ ამ მხრივ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×