
აშშ-ირანის დაპირისპირება ახალი ესკალაციის ზღვარზეა - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკული სამხედრო ძალა ირანისკენ მიემართება და შეთანხმების იმედს გამოთქვამს, თუმცა სამხედრო ჩარევის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, მაშინ როცა თეირანი მოლაპარაკებებს მუქარის ფონზე უარყოფს და აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებები არ უთხოვია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის „არმადა" ირანისკენ მიემართება და იმედოვნებს, რომ თეირანი ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწევს.
„ამჟამად ირანისკენ კიდევ ერთი ულამაზესი არმადა ლამაზად მიცურავს", - განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.
- ტრამპი: „იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მიაღწევენ".
ტრამპმა საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევაც არ გამორიცხა.
თეირანმა ადრე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და აშშ-ის ელჩ სტივ უიტკოფს შორის კომუნიკაციის არხი ღიაა. თუმცა, ოფიციალური ირანის პოზიცია , როგორც ჩანს, ნაწილობრივ შეიცვალა.
სამშაბათს,ტრამპის განცხადების გაკეთებამდე უფრო ადრე, ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრისას აშშ, „მუქარის "გამო , გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი „მიზნად რეგიონის უსაფრთხოების დარღვევას ისახავდნენ და არასტაბილურობის გარდა ვერაფერს მიაღწევენ"
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მემკვიდრე პრინცი პეზეშკიანს დაჰპირდა, რომ ერ-რიადი „ ირანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო მოქმედებებისთვი მისი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენებას არ დაუშვებს"
შეგახსენებთ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ბაზა აქვს, სწორედ ამის გამო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა სამშაბათს ირანის მეზობლებისთვის გაფრთხილებაც გაავრცელა.
„მეზობელი ქვეყნები ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ თუ მათი მიწა, ცა ან წყლები ირანის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ისინი მტრულად ჩაითვლებიან", - განაცხადა მოჰამად აკბარზადემ.
მას შემდეგ, რაც ირანმა ამ თვის დასაწყისში საპროტესტო აქციების ჩახშობა დაიწყო ტრამპმა ინტერვენციასთან დაკავშირებით ორაზროვანი სიგნალები გასცა, რასაც თეირანის სასულიერო ხელმძღვანელობის ზოგიერთი ოპონენტი ცვლილებების განხორციელების ერთადერთ გზად მიიჩნევს.
აზერნიუსი წერს, რომ ანალიტიკოსების თქმით, ვარიანტებს შორისაა სამხედრო ობიექტებზე დარტყმები ან უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები, რათა სისტემა, რომელიც ირანს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მართავს, დაემხოს.
ირანის პოზიცია
ოფიციალურმა თეირანმა წარსულში განაცხადა, რომ თუ ტრამპი დარტყმების ბრძანებას გასცემს, ის იერიშს ისრაელსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მიიტანს.
ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების გამართვა არ უთხოვია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრა და მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩემსა და უიტკოფს შორის კონტაქტი არ ყოფილა და ჩვენი მხრიდან არც მოლაპარაკებების თხოვნა ყოფილა", - განაცხადა არაღჩიმ.
მისი თქმით, ირანთან კონსულტაციებს შუამავლები აწარმოებენ.
- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი:„ჩვენი პოზიცია ნათელია, მოლაპარაკებების გამართვა მუქარის ფონზე არ შეიძლება."
"მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ გაიმართება, როცა მუქარა და ზედმეტი მოთხოვნები აღარ იქნება", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ისრაელის პასუხი
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ისრაელი მკაცრად უპასუხებს.
- ისრაელის პრემიერი: „ირანის ღერძი ცდილობს აღდგეს - მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გააკეთოს."
თუ ირანი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს და თავს დაესხმება ისრაელს, ჩვენ ვუპასუხებთ ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს", - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
მისი თქმით, ისრაელი მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან.
„აშშ ჩვენთან მუდმივ კონტაქტშია. სრულად ვართ ინფორმირებულები", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მასობრივი დაპატიმრებები, დაშინება
მას შემდეგ, რაც რეჟიმი სასტიკ რეპრესიებს ახორციელებდა, ტრამპმა ამ თვის დასაწყისში პირობა დადო, რომ „დახმარება გზაშია" და განაცხადა, რომ თუ რეჟიმი მომიტინგეების მასობრივად დახოცვას დაიწყებდა, რეჟიმის წინააღმდეგ ის ზომებს მიიღებს.
უფლებამოსილმა ჯგუფებმა რეპრესიები ყველაზე სისხლიან მოვლენად შეაფასეს, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ცნობილი დღესაც არ არის.
თუმცა, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი საინფორმაციო სააგენტო (HRANA) აცხადებს, რომ 6,126 ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა, მათ შორის 5,777 მომიტინგე, 86 არასრულწლოვანი, უსაფრთხოების ძალების 214 წევრი და 49 გამვლელია.
ორგანიზაციის ცნობით, სულ მცირე 41,880 ადამიანი დააკავეს.