
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70 პროცენტი გაიხსნა.
„ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის ფარგლებში, ნიშვნელოვნად არის გაზრდილი აღნიშნული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი.
შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. ამასთან, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები.
ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულების გამოვლენის ზრდის და პოლიციის მხრიდან გააქტიურებული ბრძოლის პროპორციულად, 2025 წელს სულ დარეგისტრირდა დანაშაულის 54 134 ფაქტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში +4 158 ფაქტით (+ 8,32%) მომატებულია.
რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა განპირობებულია ნარკოდანაშაულების ფაქტების გამოვლენის თითქმის გაორმაგებული მაჩვენებლით. 2025 წელს ნარკოტიკული დანაშაულის 10 475 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 4 877 ფაქტით (87,12 %-ით).
ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკომპრომისო ბრძოლის და გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკის შედეგად, 2025 წელს, ნარკოტიკული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 7 119 პირის მიმართ, აღნიშნული პირებიდან ნარკორეალიზაციაში ჩართული იყო 2 265 პირი (მათ შორის 471-ს ბრალი წარედგინა ნარკოტიკების გასაღების მუხლით).
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ გააქტიურებული ბრძოლის შედეგად, ასევე, ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენაში, როგორიც არის „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულები. საანგარიშო პერიოდში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 228 პირის მიმართ, მათ შორის „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით 15 პირის მიმართ.
2025 წელს საგამოძიებო უწყებების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტების გამოვლენა (+299 ფაქტი, +37,52 %).
2024 წელთან შედარებით შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. განზრახ მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია -11 ფაქტით, ხოლო ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებული -517 ფაქტით.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები:
ბინიდან ქურდობა – შემცირებულია – 43 ფაქტით; ყაჩაღობა – შემცირებულია – 22 ფაქტით; თაღლითობა – შემცირებულია – 333 ფაქტით; გამოძალვა – შემცირებულია – 37 ფაქტით.
2025 წელს შემცირებულია კიბერდანაშაულის შემთხვევებიც (-141 ფაქტი). სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებულია -134 ფაქტით, კლება ფიქსირდება ტრეფიკინგის შემთხვევებთან მიმართებითაც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციული ნაკადების ეფექტიანი მართვა. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროული გამოვლენა და ქვეყნიდან გაძევება.
მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაზე მიუთითებს სტატისტიკური მონაცემები: 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 1311 მოქალაქე; 2024 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე; 2025 წელს ფიქსირდება 261%-ანი ზრდა წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ 2019-2024 წლებში მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა 948 უცხოელი, ხოლო 2025 წელს, მხოლოდ ერთ წელიწადში ქვეყნიდან გაძევებული იქნა 1 311 უცხოელი, რაც ფაქტობრივად აღემატება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გაძევებულ უცხოელთა ჯამურ რაოდენობას.
აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს. კერძოდ, 2024 წლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა შეადგენდა 1 870 638-ს, ხოლო 2025 წლის მაჩვენებლით ავტოპარკი გაზრდილია 134 040 ავტოსატრანსპორტო საშუალებით და შეადგენს 2 004 678-ს.
აღნიშნული ტენდენციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს.
სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. ცენტრი მუდმივად ზრუნავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე და მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვაზე. ამ მიზნით, ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ახორციელებს.
2025 წელს საგზაო უსაფრთხოების სისტემა 2024 წელთან შედარებით კიდევ უფრო განვითარდა, შესაბამისად დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში 8886 ვიდეოკამერაა ჩართული, 2025 წელს საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციების რაოდენობა 658-მდე გაიზარდა, რის საფუძველზეც ქვეყნის მასშტაბით საშუალო სიჩქარე 2 327 კილომეტრ საავტომობილო გზაზე კონტროლდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.