
პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის ადვოკატის ინფორმაციით, შარაშიძე ბრალს აღიარებს.
კითხვაზე, თუ რატომ სცემა მან პოლიციელი, ადვოკატი პასუხობს: „სიმართლე რომ ვთქვა, გაშველებას ცდილობდა“.
„დაცვის მხარე [დღევანდელ სასამართლო პროცესზე] გირაოს ვითხოვთ. ოდენობა შესათანხმებელი მაქვს ოჯახთან, ბრალდებულთან. აღიარებს [ბრალს] თანამშრომლობს. საქმის მასალები გუშინ გადმომეცა, თუმცა არ გავცნობილვარ“, - აღნიშნა ადვოკატმა „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.