
„დიდი კარი იხსნება ქართველებისთვის ესპანეთში, ადამიანებს ლეგალური დასაქმების უფლება ექნებათ“, - ასე აფასებს ესპანეთში იურიდიული კომპანია Geolexis ვალენსიის რეგიონის წარმომადგენელი ნათია ალანია ქვეყნის მინისტრთა საბჭოს 27 იანვრის გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს იმ მიგრანტების ლეგალიზებას, რომლებიც წლებია ესპანეთში არალეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ.
ესპანეთის მთავრობის წინასწარი განცხადებების მიხედვით, აღნიშნული პროცესი შეეხება ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რეგულარიზაციის მექანიზმს ბოლო წლების განმავლობაში.
რა გავლენას იქონიებს მიღებული გადაწყვეტილება ქართველ ემიგრანტებზე? - ამ და სხვა საკითხებზე ნათია ალანია „ბიზნესპრენიუსს“ დეტალურად ესაუბრა. როგორც ნათია ალანია გვიყვება, გადაწყვეტილება ესპანეთში მყოფი ქართველებისთვის ბევრ ახალ შანსს აჩენს.
„მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ისეთი უპრეცედენტო ღონისძიება, რომელიც 20 წელია ესპანეთში არ განხორციელებულა. ეს შეეხება 500 ათასზე მეტ ადამიანს, მათ შორის, ქართველებსაც. მთავრობა ვარაუდობს, რომ ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება 2026 წლის აპრილის ბოლოდან 30 ივნისამდე. კიდევ უფრო მეტი დეტალი თებერვალში გახდება ცნობილი.
ეს ეხება პირებს, რომლებიც 2025 წლის 31 დეკემბრამდე შემოვიდნენ ესპანეთში. ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობდნენ/იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე და არ ჰქონდათ ლეგალური სტატუსი. ასევე მათაც, ვინც ითხოვდა თავშესაფარს. მათთვის განსაკუთრებულად მარტივდება პროცედურები, რადგან საკმაოდ რთული იყო რეზიდენტობის მინიჭების საკითხი ასეთ ხალხზე. უმთავრესი მოთხოვნებია, აპლიკანტმა დაადასტუროს, რომ სწორედ ამ ვადებში ცხოვრობდა ესპანეთში. ამასთანავე, პირს არ უნდა ჰქონდეს კრიმინალური წარსული. აუცილებელია, წარადგინოს ნასამართლეობის ცნობა საქართველოდან და დაადასტუროს, დანაშაულის არქონა ესპანეთში.
აქ რომ ცხოვრობდა პირი, მაგის დადასტურება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მათ შორის, მუნიციპალური ჩაწერის ისტორიით, სამედიცინო ჩანაწერებით, სამსახურებრივი და ფინანსური დოკუმენტებით, ქირის გადახდის ქვითრებით, კომუნალური ან სხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებენ რეზიდენციას, ანუ ცხოვრების და ბინადრობის უფლებას, სტანდარტული სამუშაო უფლებით“, - განაცხადა ნათია ალანიამ.
მისივე თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება, ბინადრობის ნებართვის მიღების არსებულ მექანიზმთან შედარებით, ბევრად გამარტივებულია.
„წარმოიდგინეთ, ადამიანებს ექნებათ მუშაობის ლეგალური უფლება, რაც ძალიან ბევრ ქართველს, ბევრ კარს გაუხსნის. რთულია ჯერჯერობით თქვა, კონკრეტულად რამდენ ადამიანს შეეხება ეს. უფრო დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოასწრებს საბუთების წარდგენას. იმიტომ, რომ გარკვევით ითქვა, განსაზღვრული რაოდენობაა 500 ათასი არალეგალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების ჩამოყვანა ცალკე პროცედურებთან და სხვა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ შვილები და ოჯახის წევრები შემოიერთო. როგორც ახლა ითქვა, ახალი კანონით, ყველა ოჯახის წევრს, ვინც დაფიქსირებულია გარკვეულ ვადებში ესპანეთის ტერიტორიაზე, ექნება შესაძლებლობა, შეიტანოს განაცხადი. რეზიდენცია პირველ ეტაპზე ერთწლიანი იქნება, ხოლო არასრულწლოვნებზე ხუთწლიანს ამბობენ.
განსხვავება რაშია - როდესაც რეზიდენტობის მოთხოვნას აყენებდი ჩვეულებრივი 2-წლიანი ჩაწერის საფუძველზე, ბევრად მეტი და საკმაოდ რთული კრიტერიუმებით ფასდებოდი. მაგალითად, ძალიან ჭირს დასაქმების შეთავაზების ხელშეკრულების, პრე-კონტრაქტის შოვნა. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ ესპანეთში რეზიდენცია მიიღოთ. ამასთანავე, მოქმედებს ახალი რეგულაციებიც, რაც ითხოვს დამატებით დოკუმენტაციას და მნიშვნელოვან ბიუროკრატიასთანაა კავშირში. გიწევს ეს დოკუმენტები გამოითხოვო კომპანიებისგან თუ ოჯახებისგან, სადაც მუშაობ, რაც ძალიან ჭირს. ეს ისეთი პირადი ინფორმაცია და დეტალებია, მარტივი არ არის გაცემა, ასე რომ ვთქვათ. ახლა კი ყველაფერი იქნება გაცილებით გამარტივებული“, - ამბობს ნათია ალანია.
ამასთან, ესპანეთში მცხოვრები ქართველის თქმით, ლეგალიზაციის სიმარტივე ერთი საკითხია და ვინ როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს - მეორე. ალანია ამბობს, რომ ამით, რა თქმა უნდა, გამარტივდება ქართველებისთვის სამსახურების პოვნის პროცესი.
„როდესაც გაქვს მუშაობის უფლება, ყველაფერი ბევრად მარტივია, თუმცა, ვერ გეტყვით იმას, რომ თავისით მოვა სამსახური. თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული ბევრი რამ. მის პიროვნულ განვითარებაზე, მონდომებასა და სიყოჩაღეზე. გარდა სამუშაო უფლებისა, აქ აუცილებელი პირობაა, საბაზისო დონეზე ენის ცოდნაც. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამას. სწორედ ამიტომ ვამბობ, ვინ როგორ გამოიყენებს მინიჭებულ რეზიდენტს და როგორ განვითარდება, თავად მასზეა დამოკიდებული. ჩვენ ვამბობთ, რომ დიდი კარი იხსნება ქართველებისთვის ესპანეთში და რა შესაძლებლობებს ნახავენ, ეს უკვე სხვა საკითხია.
უსაბუთო ხალხისთვის ძალიან რთულია აქ დასაქმება. ვინც მოდის ესპანეთში და ბუნებრივია, თავდაპირველად შესაბამისი დოკუმენტაცია არ აქვს, აუცილებელია, რომ მას ნაცნობმა წააშველოს რამდენიმე სიტყვა. სასტუმროებში, რესტორნებში და მსგავს ადგილებში აუცილებელია გქონდეთ საბუთი. იდება სამუშაო ხელშეკრულება, კონტრაქტი ფორმდება და მხოლოდ ამის ნიადაგზე ხდება დასაქმება. რა თქმა უნდა, შავადაც მუშაობენ, მაგრამ ძალიან რთულია. როგორც გითხარით, ახლობელია საჭირო, ვინც დაგეხმარებათ, წაგიყვანთ და ორიოდე სიტყვას შეგაწევთ. შეუძლებელი არ არის, მეც მიმუშავია, მაგრამ მიხვიდეთ და მარტივად მიგიღონ, ასე არ ხდება. აქამდე ბევრი ცხოვრობდა აქ არალეგალურად. ეძლეოდათ სხვადასხვა სოციალური დახმარება და იყვნენ ამ დახმარებებზე დამოკიდებულები. ვერ მუშაობდნენ ისეთ სამსახურებში, როგორიც უნდოდათ ანაზღაურების მხრივ. რა თქმა უნდა, როდესაც კონტრაქტით მუშაობ, ანაზღაურებაც სხვანაირია. არალეგალებს დასაქმების პრობლემის გარდა, აქვთ ბინის დაქირავების პრობლემაც. ძალიან გართულდა ბინის დაქირავება ესპანეთში. ადამიანებს ოთახის დასაქირავებლადაც კი სამუშაო კონტრაქტი სჭირდებათ, შემოსავლების დასადასტურებლად. ამასთანავე, საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. როგორც გითხარით, დიდ სირთულეებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. ვერაფერს ვერ აკეთებ. ხელ-ფეხ შეკრული ხარ. ალალ ბედზე ცხოვრობ და მხოლოდ ნაცნობობის იმედზე ხარ, თუ გაგიმართლებს, გაგიმართლებს.
ლეგალიზაცია ესპანეთში ქართველებისთვის კი ნიშნავს ბევრ დადებით ცვლილებას. პირველ რიგში, ადამიანი შეძლებს მშვიდად ცხოვრებას, შიშისა და სტრესის გარეშე. გაჩნდება ოფიციალურად მუშაობის შესაძლებლობა კონტრაქტით და უკეთესი ანაზღაურებით, ექნება განსაზღვრული სამუშაო საათები, შვებულება. ლეგალური სტატუსით ხელმისაწვდომი ხდება დაზღვევა და სხვადასხვა სოციალური სერვისი. ლეგალიზაცია ხსნის გზას ბანკებთან ურთიერთობისთვის, საკუთარი მცირე ბიზნესის დასაწყებად. ადამიანი უფრო მარტივად ინტეგრირდება საზოგადოებაში, სწავლობს და იძენს ახალ შესაძლებლობებს.
ველოდებით, რომ გაიზრდება დასაქმების კუთხით ესპანეთზე მოთხოვნა. ბუნებრივია, პოპულარიზაცია მოხდება და შესაძლოა, ბევრი ადამიანიც მოაწყდეს ესპანეთს. საკმაოდ მომხიბვლელად ჩანს და ჟღერს ის, რაც ახლა აქ ხდება. თუმცა, უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ყოველთვის არ იქნება ეს პროექტი და ახლა ხდება, ერთჯერადად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ამიერიდან ჩამოვა, ყველას გაუმარტივდება პროცედურები. ცვლილებები ჯერჯერობით ეხება მხოლოდ მათ, ვინც უკვე აქ ცხოვრობს“, - აცხადებს ნათია ალანია.
რაც შეეხება ხელფასებს, მისი თქმით, ესპანეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე ქალბატონების საშუალო ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 1300-დან 1400 ევრომდეა.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“