
„სუს-ი და ფინანსური პოლიცია შევიდა და დოკუმენტაცია ამოიღო კომპანიებიდან, რომლებიც მსოფლიო ბრენდს წარმოადგენენ“ - ასე აფასებს ბიზნესმენი, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი, ივა ჭყონია რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“. როგორც ივა ჭყონია განმარტავს, საგამოძიებო უწყებები შევიდნენ ისეთ საერთაშორისო ბრენდებში, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქციის რეალიზაციას არ ახორციელებენ.
„პირველადი მოხმარების პროდუქტების გარდა, სუს-ი და ფინანსური პოლიცია შევიდა და დოკუმენტაცია ამოიღო კომპანიებიდან, რომლმებიც მსოფლიო ბრენდს წარმოადგენენ. გაჭირვებულ ადამიანს ის აწუხებს „მილკას“ იყიდის, „მარსს“ და „ნუთელას“ თუ ზეთსა და შაქარს? ფასებთან დაკავშირებით პრობლემების აღმოფხვრა უნდა დაიწყოს პირველ რიგში სახალხო პროდუქტით. იმ კომპანიებისთვის, რომელიც საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, პრობლემა არ არის შემოწმება, მათ თეთრად აქვთ ყველაფერი და მიაწვდიან დოკუმენტებს. ის კომპანიები პირიქით, გახარებულებიც იყვნენ, რომ მოდით, წაიკითხეთ კონტრაქტები, მეც არ მინდა ამდენი ფასნამატი, რადგან გაზრდილი ფასი ნებისმიერი სადისტრიბუციო კომპანიისთვის დამანგრეველია, რადგან ვარდება ვაჭრობა. შევიდნენ ისეთ კომპანიებში, რომლებიც მსოფლიო ბრენდებს წარმოადგენენ საქართველოში, მათი სათავო ოფისი რომ გაიგებს, რომ მათ სადისტრიბუციო კომპანიაში შედის სუს-ი ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონი არ არსებობს, ხომ წარმოუდგენელია, რა მოხდება? წარმოდგენა არ მაქვს, რატომ შევიდნენ ამ კომპანიებში, არ ვიცი გამოუცდელობით დაემართათ ეს, თუ არა.
კობახიძეს ვინც ინფორმაცია მიაწოდა და დააყენა პრობლემატური საკითხი, რომ თურმე მაღაზიების სიმრავლე ჰქმნის ზოგადად პრობლემას, ის ადამიანი ჰყავთ პირველი დასასჯელი, რადგან ეს არ არის სწორი ინფორმაცია. გერმანია რომ მოჰყავს მაგალითად, გერმანიამ ჯერ სხვა პრობლემები მოაგვარა, მიიღო კანონი არასამართლიანი ვაჭრობის შესახებ და მერე მიხედა სხვა საკითხებს. მაღაზიების სიმრავლე დღეს პირიქით, ძალიან კარგია, რადგან იზრდება კონკურენცია, მაგრამ მეორე მხრივ, სხვა პრობლემას ქმნის ფასებთან დაკავშირებით და ამის იდენტიფიცირება მარტივია, ეს ძალიან კარგად შეუძლია ახსნას როგორც სადისტრიბუციო კომპანიებმა, ისე რითეილ სექტორმა“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
ცნობისთვის, მთავრობა პროდუქტების ფასებს სწავლობს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდ სხვაობაზე პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს ისაუბრა. მისი თქმით, ეს განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. 24 დეკემბერსვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.
20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. 22 იანვარს კი სუპერმარკეტების ქსელებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. როგორც რითეილ ასოციაციაში განაცხადეს, სუს-ის „ანტიკორუფციული სააგენტომ, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები“. პარალელურად, კომპანიებში შევიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც.