
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტების გარკვეული ნაწილი, განათლების რეფორმის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. თუმცა, მოთხოვნის მიღმა, კონკრეტული არგუმენტების დასახელება დღესაც ვერ მოხერხდა. რა არის პროტესტის არსი - ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის შერწყმით, ახალი, რეგიონული განათლების ცენტრის შექმნა, თუ ხარისხის გაუმჯობესება და სისტემური ცვლილებების დაწყება? დუმილია პასუხი კითხვაზეც, მოსწონთ თუ არა უკვე დემონსტრანტ სტუდენტებს განათლების ხარისხის არსებული მაჩვენებელი.
ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეკრებილებს დღეს რექტორი გამოეხმაურა. დავით გურგენიძე აცხადებს, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვს როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან.
იმ კრიტიკის ავტორები, რომელსაც სტუდენტების გარკვეული ნაწილიც აჰყვა, პოლიტიკური ინტერესის მქონე პირები რომ არიან ამას ანალიტიკოსები ამბობენ. საკითხზე დღეს დეტალურად, ნიკოლოზ მეტრეველმა ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან, ერთ ლარად მითვისებული ტექნიკური უნივერსიტეტის უძრავი ქონების ისტორია გაიხსენა.
პროცესის პოლიტიზებასა და უსაფუძვლო არგუმენტებზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციასთან დაახლოებულმა პირებმა, პროცესის რადიკალიზაცია, მორიგ ჯერზე ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენეს.
განათლების სისტემურ რეფორმას, აქტივისტების მსგავსად, ოპოზიციაც იწუნებს. გახარიას პარტიაში, რომელიც უკვე პარლამენტშია და შეუძლია საკითხზე საკანონმდებლო ორგანოშივე იდავოს, აცხადებენ, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს. სააკაშვილის პარტიაში კი, მიიჩნევენ, რომ რეფორმა განხილვას არ ექვემდებარება.
განათლების რეფორმა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გარდა, სხვა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა სასკოლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დეპუტატები მომდევნო კვირას დაიწყებენ. საკითხმა ბიურო და საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კანონმდებლები ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.
ინიციატორები ამბობენ, რომ განათლების სისტემური რეფორმის კონცეფციის დოკუმენტში სრულად არის ასახული უმაღლეს და ზოგადი განათლების სისტემაში არსებული ის კონკრეტული პრობლემები, რაც რეაგირებას საჭიროებს. მასზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ინიციატივის ავტორი საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა.