რეზონანსი
06.02.2026

ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-თან, გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა კონტაქტების, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ბრალი არ არის, წინა ადმინისტრაციის ბრალია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატო-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა.

„საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ნატო-ს წევრი თუ არა წევრ ქვეყნებთან. ჩვენ ვართ მეოთხე ადგილზე ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორისაც იმ კონტინგენტით, რომელიც გვყავდა გაგზავნილი ავღანეთში. ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ვნახეთ ძირის გამოთხრის მცდელობა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დანაშაულია ბაიდენის ადმინისტრაციის, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს, ჩვენ ამის მზაობა გვაქვს, ეს არაერთხელ განგვიცხადებია. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სამყაროში ხდება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×