
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, დინამიკა პოზიტიურია და რეფორმამ ბევრი სიკეთე მოიტანა.
„ამ რეფორმამ ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა. სამართალდარღვევების მასშტაბი გაცილებით მცირეა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მანამდე ყოფილიყო. მოხმარება არის კლებად რეჟიმში, დინამიკა - პოზიტიური. ის რაც თვითონ ამ რეფორმის ჩანაფიქრი იყო, რის გამოც რეფორმა განხორციელდა, ამან შედეგი მოიტანა.
დღეს აღარავითარი კომერციული ინტერესი არ განაპირობებს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ფსიქოტროპული საშუალება იყიდებოდეს, რადგან არცერთ კომერციულ დაწესებულებას დღეს საქართველოში იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ ფსიქოტროპული ნივთიერებების ვაჭრობა იყოს მისი შემოსავლის საგანი. ამ რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი მონაპოვარია ფასებზე ხელმისაწვდომობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ობიექტურად და რეალურად ეს სჭირდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ოპიოიდურიდამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა - გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და 2025 წლის 15 აგვისტოდან, სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო, უფასოდ აწვდის. რეფორმის ფარგლებში, აიკრძალა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა გახდა.