
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოში დაყადაღებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, პროკურატურამ შესაბამისი მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, რის
შემდეგაც უკვე, სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს სასამართლომ ნინო მხეიძის საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, ლეკიაშვილი ადასტურებს, რომ გარდა მხეიძისა, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრების ანგარიშებიც დაყადაღებულია.
„მოცემულ შემთხვევაში, ოთხივე ბრალდებულის ოჯახის წევრების და ბრალდებულების ყველა ქონება არის დაყადაღებული. აქამდე არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ესპანეთში, ნინო მხეიძის - ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ესპანეთის სამეფოს შესაბამისმა სასამართლომ დააყადაღა, ამ თვის დასაწყისში შემოვიდა ესპანეთის სამეფოდან ეს ინფორმაცია და დღეს სასამართლოში ეს მოცემულობა წარვადგინეთ. ბურჭულაძეს სწორედ ფინანსურ საკითხებს, მათ შორის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ვედავებით, ამ კუთხით ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა, განხილულია მისი ოჯახის წევრების და მისი ქონებები, შედარებულია შემოსავალი და გასავალი, როგორც მოგეხსენებათ, 7 მილიონამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ვედავებით მას“, - განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, პროკურატურამ მოითხოვა თუ არა ქონებების დაყადაღება, ლეკიაშვილმა დადებითი პასუხი გასცა.
„კი, ბატონო, ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც გამოსცა შესაბამისი განჩინება, შემდეგ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მიმართული იქნა შესაბამისი სამსახურის და გენერალური პროკურატურის მიერ ესპანეთის სამეფოსთვის. ესპანეთის სამეფომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ნამდვილად დაედო ნინო მხეიძის ქონებაზე ყადაღა... ყადაღის დადების დროს განკარგვის უფლება, ვიდრე ეს გამოძიება არ დასრულდება, არ აქვთ“, - განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, რატომ დაედო ჯუანშერ ბურჭულაძის პენსიონერ ოჯახის წევრების ანგარიშებს ყადაღა, ლეკიაშვილმა ასე უპასუხა:
„მათ ყველა ანგარიშს დაედო ყადაღა, სადაც გარკვეული სახის თანხა ფიქსირდებოდა და მათ შორის, დაყადაღებულია ქონება. რაც შეეხება ყადაღის მოხსნას, მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც მთავარია, ეს ყველაფერი სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა“, - განაცხადა ლეკიაშვილმა.
ამასთან, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ „ტვ პირველს“ განუცხადა, ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, შედეგად, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.