რეზონანსი
06.02.2026

საქართველოში 63 უნივერსიტეტია. უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს მრავალფეროვან არჩევანსა და ფაკლუტეტებს სთავაზობენ. წელს ერთი საინტერესო ტენდენციაც გამოიკვეთა, აბიტურიენტებმა ისეთი სპეციალობებიც აირჩიეს, რომელთა დაუფლების შემდეგ, სქართველოში დასაქმება რთულია.

ბიზნესის მართვა, ბოლო რამდენიმე წელია, აბიტურიენტების ყველაზე სასურველი პროფესიაა.

ბიზნესის მართვის სპეციალობაზე გასულ წელს 42 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება, ამ პროფესიას კი ამჟამად ქვეყანაში 6,570 სტუდენტი ეუფლება. გამოდის, რომ ყოველი მე-5 აბიტურიენტი ბიზნეს ადმინისტრირებით იყო დაინტერესებული და ამ ფაკულტეტზეც ჩაირიცხა.

ყველაზე მეტი, 1,243 სტუდენტი ილიაუნიში სწავლობს, შემდეგ თსუ მოდის, სადაც 1,000 სტუდენტი ჩაირიცხა, ბტუ-ში 900, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - 468, კავკასიის უნივერსიტეტში - 402, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - 288.

ბიზნესის ადმინისტრირება, მოთხოვნად სპეციალობებს შორის, მსოფლიო დონეზეც ისევ პირველ ადგილზეა. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სექტორში. შეძენილი უნარებისა და ცოდნით, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით დაიკავებენ სპეციალისტის ქვედა ან საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციას და მისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ შესაბამის პროფესიულ ფუნქციებს საორგანიზაციო-მმართველობით, ადმინისტრაციულ-სამეურნეო, საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულებით.

ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ პროფესიებს შორის რჩება სამართალი (იურიდიული). ამ ფაკულტეტზე ეროვნული გამოცდების შედეგად 3,498 სტუდენტი ჩაირიცხა და იურისტის პროფესიას ეუფლება. 2025 წელს 30 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება სამართლის სპეციალობაზე. იურიდიულ ფაკულტეტზე ყველაზე მეტი, 900 სტუდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.

გასულ წელს 25 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე, ჯამში - 3,776 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, კომპიუტერულ მეცნიერებებზე 2,271 სტუდენტი ჩაირიცხა. ამჟამად, ყველაზე მეტი, 788 სტუდენტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ბტუ) სწავლობს.

AI სპეციალისტები ბევრ სფეროში გახდნენ მოთხოვნადები. ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ დიდი კომპანიების, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმატების გასაღებსაც წარმოადგენს. ინტერნეტში ყოველდღიურად იზრდება კიბერთავდასხმების რიცხვი, რაც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს. მოთხოვნად პორფესიებს შორის არის ციფრული მარკეტინგის სტრატეგოსიც. ციფრული მარკეტინგი გახდა ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის წარმატების საფუძველი. 

სწრაფად განვითარებად მსოფლიოში, განათლების სფეროში გადამზადების სპეციალისტებზე მოთხოვნაც სულ უფრო მეტად იზრდება.

2025 წელს პოპულარულ პროფესიებს შორის იყო პედაგოგიურიც.  სკოლის მასწავლებლების მოსამზადებელ და ფილოლოგიურ სპეციალობებზე მიღება 15 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული. ეროვნული გამოცდების შედეგად, პედაგოგიკის მიმართულებაზე 1750 სტუდენტი ჩაირიცხა. ამ პროფესიას 489 სტუდენტი ახლა ილიაუნიში ეუფლება, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი - 339 სტუდენტი სწავლობს. 

2025 წელს ფსიქოლოგიის სპეციალობაზე 1,712 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 350 სტუდენტი - ილიაუნიში.

თანამედროვე სამყაროში ფსიქოლოგიის როლი სულ უფრო იზრდება. თუ წლების წინ აღნიშნული მეცნიერება მხოლოდ ფსიქოთერაპევტის პროფესიასთან ასოცირდებოდა, დღეს ყველა სფერო მოიცვა. ფსიქოლოგიის განათლების მქონე ადამიანს ხშირად შეხვდებით მენეჯერის, ადამიანური რესურესების მართვისა თუ ანალიტიკოსის პოზიციაზე, რადგან ის საბაზისო ცოდნა, რაც სფეროს შესწავლისას მიიღეს, თავიანთ საქმიანობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ფსიქოთერაპევტის პროფესიას, განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები მას, როგორც წესი, არა უკვე მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, არამედ განტვირთვისა და პრობლემების პრევენციისთვისაც მიმართავენ ხოლმე, რაც ცხოვრების უკეთ მართვაში ეხმარებათ. 

სამედიცინო სფერო ჩვენს ქვეყანაში კვლავაც პოპულარულია. 2025 წელს, მედიცინის მიმართულებით მიღება 28 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული (სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და სხვა მიმართულებების ჩათვლით), ჯამში 2,595 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, მედიცინის სპეციალობაზე 1,708 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტმა, 415 სტუდენტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა.

2025 წელს 13 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება საინჟინრო მიმართულეზე, ჯამში 2,500 ადგილზე. აქ გაერთიანებულია ყველა მიმართულება: ინჟინერია, სამშენებლო, ელექტრო და ა.შ. ეროვნული გამოცდების შედეგად, ინჟინერიაზე 1,533 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი - 1,064 სტუდენტი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 193 სტუდენტი კი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სწავლობს. 104 სტუდენტი ეუფლება საინჟინრო მიმართულებას კავკასიის უნივერსიტეტში.

პოპულარობას არ კარგავს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაც. გასულ წელს 20 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე, ჯამში 1,906 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე 1,400 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი - 390 სტუდენტი ილიაუნიში.

ქვეყანაში მოთხოვნად სპეციალობებს შორის არის ეკონომიკური მიმართულება. 2025 წელს ეკონომიკის სპეციალობაზე მიღება 13 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული, ჯამში 1,215 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ეკონომიკის სპეციალობაზე 966 სტუდენტი ჩაირიცხა. 

ყველაზე მეტი, 665 სტუდენტი თსუ-ში ჩაირიცხა, საიდანაც 165 თსუ-ში არსებულმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) მიიღო. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 სტუდენტი ჩაირიცხა ეკონომიკის სპეციალობაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში - 45. ეკონომიკის სპეციალობაზე მაღალ მოთხოვნას ისიც უწყობს ხელს, რომ სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოა.

2025 წელს 20 უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული მიღება ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობაზე, ჯამში 1,371 ადგილზე. ეროვნული გამოცდების შედეგად, ჟურნალისტიკის სპეციალობაზე 884 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველაზე მეტი, 152 სტუდენტი, კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოდის, სადაც 117-მა ჩააბარა. მესამე ადგილზე საქართველოს უნივერსიტეტია, სადაც ჟურნალისტიკის მიმართულებით 100 სტუდენტი ჩაირიცხა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზით, დაახლოებით 5 წელიწადში, მილიონ სამუშაო ადგილზე ადამიანური რესურსი საჭირო აღარ იქნება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშზე, Future of Jobs Report 2025, დაყრდნობით, 2025 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში, სწრაფად მზარდი პროფესიები თითქმის სრულად ტექნოლოგიურ სფეროსთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით აღინიშნება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მიმართულებით სამუშაოები. 

სპეციალისტების პროგნოზით, მომავალში სულ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტებსა და მომსახურების სფეროს თანამშრომლებზეც. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×