
ფსიქოტროპული მედიკამენტების პაციენტთან კონსულტაციისა და შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაცემის გამო, 10 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. არ არის გამორიცხული, კარიერულთან ერთად, მედიკოსების ნაწილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშეც დადგეს. შესაბამისი დოკუმენტები საგამოძიებო უწყებაში უკვე გადაგზავნილია.
10 ექიმიდან ერთს, საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა, 8 მედიკოსს 6 თვით, ერთს კი ჯანდაცვის უწყებამ გაფრთხილება მისცა. გადაწყვეტილება სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო.
მსგავსი პრობლემების პრევენციაში ექიმების როლზე ამახვილებენ ყურადღებას საბჭოს წევრები. მათი თქმით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი კონტროლი უნდა უზრუნველყონ.
ფსიქიატრების განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და მედიკოსებმა აღნიშნულ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. ექიმების განმარტებით, მედიკამენტების ჭარბი დოზით გამოწერა დაუშვებელია, რადგან ეს პაციენტის მკურნალობის პროცესს ეწინააღმდეგება.
საბჭოზე გამოვლენილ დარღვევებსა და ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პროცესში არსებულ რისკებზე ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა სამედიცინო სფეროში მსგავს გადაცდომებს ადგილი არ ჰქონდეს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ნორმატიული ბაზის განახლებაზეც მუშაობს, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებულ რისკებს შეამცირებს და კონტროლის მექანიზმებს კიდევ უფრო გააძლიერებს.