
ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "იმედს" ახალი მფლობელი ჰყავს, ირაკლი რუხაძემ, რომელიც აქამდე ტელევიზიის აქციების 100% -ის მფლობელი იყო, "იმედში" წილი დათმო. "ტელეიმედის" აქციების 50% წილის მფლობელი, შპს "პრაიმ მედია გლობალი" გახდა, რომელის 100%-იან წილს, ილია მიქელაიშვილი ფლობს. "იმედის" აქციების 50%-ს მოქმედი დირექტორი მაკა ლომიძე და მისი 4 მოადგილე გადაიფორმებენ.
როგორც ირკვევა, ტელეკომპანია "იმედის" ახალი მფლობელი სულ რამდენიმე თვის წინ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობისთვის იბრძოდა. მან განაცხადი 2025 წლის 16 ოქტომბერს შეიტანა
ილია მიქელაიშვილი 1981 წლის 1-ელ მარტს თბილისშია დაბადებული. განათლებაც საქართველოში აქვს მიღებული:
დამთავრებული აქვს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (2002 – 2006) და მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს-სამართალში;
ასევე დამთავრებული აქვს ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სახელმწიფო მართვის სკოლა (2006-2008), მაგისტრი სახელმწიფო მართვაში
სამუშაო გამოცდილება:
დამფუძნებელი, დირექტორი, შპს "პირველი“ თბილისი, საქართველო (2024 წლიდან დღემდე)
დამფუძნებელი, დირექტორი, შპს "მედიაჰაბი სეილსჰაუსი“ (ყოფილი შპს "დი ეი სი კაპიტალი“) თბილისი, საქართველო (2022 წლიდან დღემდე)
ოპერაციების დაგეგმარების სამსახურის უფროსი, GWP, თბილისი, საქართველო, (2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ჩათვლით)
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა, თბილისი, საქართველო (2015 წლის ნოემბრიდან 2021 წლამდე)
გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და განვითარების მიმართულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა, თბილისი, საქართველო (2015 წლის ნოემბრამდე)
აპარატის თანაშემწე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საბურთალოს რაიონის გამგეობა, თბილისი, საქართველო (2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე
დამფუძნებელი, შპს "აი ტი თრეიდი“, თბილისი, საქართველო (2013 წლის თებერვალი დღემდე)
საცალო მომსახურების ოფიცერი, სს "ბანკი რესპუბლიკა”, თბილისი, საქართველო (2007 წლის ოქტომბერი - 2010 წლის მარტი)
ექსპერტ-კონსულტანტი, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი“, თბილისი, საქართველო (2005 წლის ივლისი – 2007 წლის ოქტომბერი)
ამჟამად "ტელეიმედის“ 100%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია. თუმცა, ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიქელაიშვილმა მომდევნო 3 თვის ვადაში "ტელეიმედის" 50%-ი უნდა გადაუფორმოს "იმედის“ გენერალურ დირექტორ მაკა ლომიძეს და მის მოადგილეებს.მათ წილიდან 10-10 პროცენტი ერგებათ.
ambebi.ge -მ მოახერხა ახალი მფლობელთან პატარა კომენტარის ჩაწერაც
"კომპანია "პრაიმ მედია გლობალი" დაფუძნებულია სადღაც 2022 წლის დასაწყისში, ამ წელს შევედი მართვაში და ამ ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობდი არა მხოლოდ "იმედთან", არამედ სხვა ბევრ ტვ კომპანიასთან.
ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილებაზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, ამ ინდუსტრიაში 5 წელია უკვე ვმუშაობ, ჩემთვის საინტერესო თემაა და მინდა, რომ ახალ სიმაღლეებზე გავიყვანო ტელევიზია, ამ შემთხვევაში "იმედზე" მაქვს საუბარი. ფინანსურ ნაწილში ვფიქრობთ, რაღაც ინვესტიციების განხორციელებას და შესაბამისად, ფინანსურ ნაწილში უფრო წინ წავწევთ ამ კომპანიას", - განაცხადა ილია მიქელაიშვილმა.
წყარო: ambebi.ge