
2025 წლის დეკემბერში დედაქალაქში 4 495 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 12.7%-იან ზრდაზე მიანიშნებს, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში. საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ფასებიც. ასე მაგალითად, 2025 წლის დეკემბერში თუ 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 194 დოლარი იყო, წინა წლის იმავე თვეში საშუალო შეწონილი ფასი 1 077 დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში გაზრდილია ფასები როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში. კერძოდ, ძველ პროექტებში 2025 წლის დეკემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 294 დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდში კი 1 204 დოლარი. ახალ პროექტებში 2025 წლის დეკემბერში 1 კვ.მ-ს 1 176 დოლარად იყიდდით, ხოლო 2024 წლის დეკემბერში საშუალო ფასი 1 049 დოლარს შეადგენდა.
„2025 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 17.9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 21.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 24%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 13.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 8.2%-ით გაიზარდა. 2025 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.7%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში - მცირე 0.1%-იანი კლება დაფიქსირდა“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.