რეზონანსი
09.02.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი - ეს არის ერთადერთი რეალური შანსი, რომ საქართველომ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის რეალური, ქმედითი ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დათუნაშვილი აღნიშნავს, ამ კვლევაში საქართველოს როლი გამოკვეთილია ცალკე და მნიშვნელოვნად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ევროკავშირისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების და შუა დერეფნის განვითარების კუთხით.

„ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს“ - ეს არის ამონარიდი ევროკომისიის ახალი მეტა კვლევიდან, რომელიც ეხება ევროკავშირის ეკონომიკურ თუ სტრატეგიულ უსაფრთხოებას.

ამ კვლევაში საქართველოს როლი გამოკვეთილია ცალკე და მნიშვნელოვნად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ევროკავშირისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების, შუა დერეფნის განვითარების და როგორც ერთ-ერთი მთავარი მიწოდების არხი ევროკავშირში აზიური ტვირთებისა, ცენტრალური აზიის და სხვა ტვირთების.

ამ კვლევის ფონზე, დღეს იწყება ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ამიერკავკასიაში და ეს ვიზიტი ჩაივლის ისე, შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის დელეგაცია მთლიანად გვერდს აუვლის საქართველოს. საქართველოში ჯეი დი ვანსი არ ჩამოვა. საქართველოს შეწყვეტილი აქვს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მტრად აცხადებს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს.

უსაფრთხოების ახალ სურათში, რომელიც იხატება, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ ქვეყანას ალაგებს მსოფლიოს ისტორიაში და დღეს ყველაზე პირსისხლიან გლობალურ ძალასთან, რუსეთთან ერთად. ის ახდენს ჩვენს იზოლაციას. რკინის ფარდა დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ დაეშვება რუსეთსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის, საქართველოს მოქმედი, მოღალატეობრივი ხელისუფლება კი ამ რკინის ფარდის დაშვებას აპირებს საქართველოს საზღვრების ქვემოთ, რაც საქართველოს მოაქცევს რუსულ იზოლაციონიზმში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო იქნება, სარკინიგზო თუ საგზაო, ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის მიმართული ტვირთები და ის ტვირთები, რომლებიც ევროკავშირის და აზიისკენ მიდიან, უსაფრთხო გზას გაივლიან.

ეს არის ერთადერთი რეალური შანსი, რომ საქართველომ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის რეალური, ქმედითი ნაწილი გახდეს.

ამ უკიდურესი სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არის ამ ქვეყნის ჩართვა საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვში, ანაკლიის პორტის გარეშე კი ეს უბრალოდ აუსრულებელი ოცნება იქნება თაობებისთვის“,- აღნიშნავს დათუნაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×