რეზონანსი
09.02.2026

თქვენ თქვით - რომ არა მძიმე შემთხვევები, ეუთოს მხრიდან „მოსკოვის მექანიზმი“ არ ამოქმედდებოდა - სამწუხაროდ, ეს მოხდებოდა! სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია ხდება! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ეუთოში საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ შექმნაზე დეპუტატ გიორგი შარაშიძის კითხვას უპასუხა.

პაპუაშვილის აზრით, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, აპრიორი იმას არ გულისხმობს, რომ ამის ობიექტური საფუძველი არსებობს. მისივე შეფასებით, „ვხედავთ ორკესტრირებულ ქცევას საქართველოს წინააღმდეგ“.

„საერთაშორისო პლატფორმები სულ უფრო და უფრო მეტად გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად და იარაღად. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჩვენი ნათქვამი არ არის. ამას დღეს უკვე ამბობს აშშ-ს ადმინისტრაცია, რომელმაც რამდენიმე ორგანიზაცია დატოვა კიდევაც - ზოგს უსაქმური უწოდა, ზოგს საქმეებში ზედმეტად ჩამრევი და ზოგს - რა, მაგრამ ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კარგი არაფერი არ უთქვამს.

ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი დაკვირვება არის ასეთი - როგორც წესი ამ პლატფორმებში ერთი და იგივე ხალხია. იქნება PACE (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) თუ ეუთო, ერთი და იგივე სახეებია, რადგან საპარლამენტო დელეგაციებია. ამიტომ ევროპარლამენტში, PACE-ში, ეუთოში - ყველგან ორკესტრირებული პროცესებია.

რამდენიმე წლის წინ PACE-მ მიიღო რეზოლუცია, სადაც მიხეილ სააკაშვილი კარა მურზასთან ერთად პოლიტპატიმრად არის წოდებული, რაც რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუე და სიყალბეა, თუმცა ეს სიყალბე დარჩა ისტორიაში, როგორც PACE-ს ერთ-ერთი რეზოლუცია. სირცხვილია, როდესაც ასეთი პლატფორმა დეზინფორმაციას ავრცელებს.

მართალია, ევროპარლამენტში ჩვენ სიტყვა არ გვეთქმის, მაგრამ ეს ის ორგანოა, რომელთანაც ჩვენი სტატუსიდან გამომდინარე ვთანამშრომლობთ და არაერთი რეზოლუცია გვახსოვს, რომელშიც მსუბუქად რომ ვთქვათ არასიმართლეები წერია.

მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო პირდაპირი თავდასხმების სამიზნე გახდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენს დელეგაციას ყოველ ჯერზე უწევს ბრძოლა იმ სიმართლის გასატანად, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხება. იქაც ნაცნობი სახეები არიან როგორც ევროპული, ასევე ამერიკული საპარლამენტო ცხოვრებიდან.

ის, რასაც ეკრანებზე ვხედავთ, სხვადასხვა ევროპელი თუ ამერიკელი - საქართველოზე განსაკუთრებულად „გულშემატკივარი“ ადამიანების კომენტარების სახით, შემდეგ ეუთოს ასამბლეებზე თუ სხვა ასეთ შეხვედრებზე აისახება.

ჩვენი მთავარი სიძლიერე სიმართლეა. თუკი ვინმეს ობიექტური სიმართლე და ჭეშმარიტება აინტერესებს, ამის მიგნება ძალიან ადვილია. ვინც ასეთ მექანიზმებს იმისთვის გამოიყენებს, რომ რიყეზე გავიდეს და ქვა დაინახოს და არა თვალები დაიბრმაოს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×