რეზონანსი
09.02.2026

სამწუხაროდ, არსებობენ ასეთი ადამიანები, არსებები, რომლებიც კომპიუტერის კლავიშთან სხდებიან და ამ ყველაფერს წერენ, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებები.

კითხვაზე, რა პროცესის გაგრძელებაა ეს, როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, ეს არის იმ ექსტრემიზმის, ზიზღის, ბულინგის, მტრობის ენის გაგრძელება, რაც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურად არ აღიარების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება. კერძოდ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც კონსტიტუციურ ორგანოებს ლეგიტიმურად არ აღიარებს.

„რაც ვახსენე რამდენიმე წუთის წინ, როდესაც კანონპროექტსა და ცვლილებების შეტანაზე ვსაუბრობთ, იმ ექსტრემიზმზე, ზიზღის, ბულინგის, მტრობის ენაზე ვსაუბრობთ. იმაზე როდესაც ვსაუბრობთ, ევროკავშირის ელჩი „მოლოტოვის კოქტეილით“ ხელში ლაზარეს გმირად რომ გიქცევს და შეურაცხმყოფელი ბანერების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ისტორიის გააზრების კურსებს, შეხვედრებს რომ გვთავაზობს, ამის გაგრძელებაა. ეს არის იმ სცენარის გაგრძელება, იმ სცენარიდან ამონარიდები და ქმედება. უბრალოდ, გულისამრევია ეს ყველაფერი. ქართველობას არ ვამბობ, ყველანაირი პრინციპიდან ამოვარდნილია ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, არსებობენ ასეთი ადამიანები, არსებები, რომლებიც კომპიუტერის კლავიშთან სხდებიან და ამ ყველაფერს წერენ. ყველას კარგად გვახსოვს, არამხოლოდ ამ ბიჭის მიმართ, ლაშას თემა გავიხსენოთ, ჩვენი მეგობრის, უმაგრესი ბიჭის, რა კომენტარები გააკეთეს. არ ვიცი უბრალოდ, რა პასუხი უნდა გასცე, თან საქართველოში ამ თემას. ასეთ ზიზღს და ბულინგის ენას. აი ეს არის, ამის გაგრძელებაა. ამას გვიხალისებენ აქ და ამის წახალისებაში ცდილობენ როგორმე ფული შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში, რომ ასეთი ბინძური ხალხი, რომელსაც ამის დაწერას შეუძლია და შეუძლია პირიდან ამოუშვას, ესენი რომ წაახალისონ და მოაძლიერონ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×