„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, არჩილ ჭავჭანიძე ფცხსდებს, რომ ხვალ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
მისი მტკიცებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ბრალად წაყენებული ქმედების განხორციელებას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისკენ, ან სხვა ძალადობრივი ქმედებისკენ.
„საბოტაჟის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საქმე განიხილოს თუ არა სასამართლომ არსებითად.
რა თქმა უნდა, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს ბრალად წაყენებული ქმედების განხორციელებას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისკენ, ან სხვა ძალადობრივი ქმედებისკენ.
აღნიშნული არის ფორმულირებული ბრალდებაში, თუმცა პროკურატურის მიერ ერთი მტკიცებულებაც კი არ ადასტურებს იმას, რომ აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვის, მით უფრო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების.
სწორედ ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეს საერთოდ არანაირი კავშირი არ გააჩნია სამართალთან, ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც გრძელდება პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე“,- განაცხადა ჭავჭანიძემ.