ნატალია ჯვარიძე
10.02.2026

ოპოზიციური პარტიების ახალი ერთობის ფორმირებაზე მუშაობა, სავარაუდოდ, ჩავარდა. ამაზე ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებიდან მიდიოდა საუბარი, ხოლო „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლის შემდეგ უკვე შესაბამისი კონსულტაციებიც დაიწყო. კეთდებოდა განცხადებები, რომ ერთობაში შევიდოდა 8 ოპოზიციური პარტია და შემუშავდებოდა შესაბამისი ერთობლივი დოკუმენტიც, რასაც 2-3 კვირა დასჭირდებოდა.

ზურა ჯაფარიძემ 19 იანვარს განაცხადა, რომ ახალ ხედვებზე, თამაშის წესებზე შესათანხმებლად სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში საუბარი მიმდინარეობდა.

„მთავარი პრობლემა არის ნდობა. ან ნდობა არ არის იმის გამო, რომ ფიქრობენ, შესაძლოა, ვიღაცა ბიძინასთან რაღაც თამაშს თამაშობდეს, ან თუ ადრე თამაშობდა, ფიქრობენ, რომ ბოლო კრიტიკულ დროს, შესაძლოა, სანდო არ იყოს. გადალახვის ორი გზა არსებობს: კომუნიკაცია არსებობდეს ადამიანებს შორის და ერთად დაიწყონ რაღაცების კეთება. ნდობას ასე ვერ გააჩენ, რაღაცები გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება, ერთად რაღაცები უნდა ვაკეთოთ.

„რაღაც კომუნიკაცია არის, განსაკუთრებით გარეთ მუშაობაზე, თუმცა არა იმ მასშტაბის, რაც ნდობას გააჩენს. ეს თუ ვერ ხერხდება, წესებზე უნდა შევთანხმდეთ. ახლა საუბარი მიმდინარეობს. ჩემამდე დაძრული პროცესია. ცალკე სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებშია საუბარი. როგორც კი შეთანხმება იქნება, საჯაროდ გარეთაც გამოიტანენ. ალბათ მეც ვიქნები ამისი ნაწილი. ეს იქნება ერთიანობა, წესებზე თანხმობა, განისაზღვრება, რის გარშემო იქნება ერთიანობა. ეს არ იქნება ის, რა აქამდე გვესმოდა, უბრალოდ მარტივი კოორდინაცია რაღაც საკითხებზე, კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება, მათ შორის, შეთანხმება თამაშის წესებზე, ხედვებზე და ასე შემდეგ. ბევრი რაღაც არის", - აცხადებდა ზურაბ ჯაფარიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის გაერთიანებას სხვადასხვა ფაქტორმა შეუშალა ხელი.

„არაერთხელ გვინახავს, რომ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ამიტომ ნამდვილად შესაძლებელია გაერთიანების ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი პიროვნული დამოკიდებულება ყოფილიყო.

  • „ამ გუნდებს არ უნდათ ერთმანეთთან თანაბრად ურთიერთობა, რაც ყოველთვის ძნელია. მათ სურთ ერთი უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მეორე. როგორც ჩანს, ლიდერობაზე ბრძოლა მიდის.

„ასევე, ჩემი აზრით, ახლა ნელ-ნელა ფიქრობენ, თუ რაში სჭირდებათ გაერთიანება. ალბათ, დასხდნენ და დაფიქრდნენ, თუ რას მოუტანთ გაერთიანება. არანაირი გაერთიანება არ იყო გადამწყვეტი თავის დროზე იმისათვის, რომ სააკაშვილს გაემარჯვა. რეალურად რეიტინგის მომტანი თავად სააკაშვილი იყო.

„გაერთიანება შედეგს არ იძლევა. ერთი ძლიერი ფიგურა იღებს ხმების დიდ ნაწილს - ეს არის კანონი. აქ არც ძლიერი ლიდერი და არც პარტია არ ჩანს. აქედან გამომდინარე, მარტო გაერთიანება წესით შედეგს არ დადებს. თუ ამაზე იფიქრეს, ძალიან კარგია. თუ ეს გაანალიზეს, შეიძლება მერე იმაზეც იფიქრონ, რა მოუტანს მათ რეიტინგს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებაში გაერთიანება შეუძლებელია და შესაძლოა ოპოზიციისთვის დამღუპველიც კი იყოს.

„მე არ ვიცი რა სუბიექტურმა პირობებმა განაპირობა, რომ დღემდე არ არის საუბარი არავითარ ერთობაზე, მაგრამ ობიექტური პირობები ამას არ იძლევა. შეუძლებელია დღეს სხვადასხვა კონცეფციებისა და მიმართულების პარტიები გაერთიანდნენ, გამორიცხულია.

  • „საქართველოში დადგა დრო, რომ პარტიებს ერთობა თავიანთ ამომრჩეველთან ჰქონდეთ. ამომრჩევლისთვის ცოტა არ იყოს დამამცირებელია, როცა მას არ ეკითხებიან და ისე ერთიანდებიან ვიღაცასთან.

„შეიძლება ერთისთვის მიუღებელია „ნაცმოძრაობა", მეორისთვის „ლელო" და ა.შ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ წუწაობას თავი დაანებონ.

„მგონი გახარიას პარტიამ და „ლელომ"" სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა არ მიაქციეს ყურადღებას, რას ამბობდნენ ბოიკოტზე და თავიანთ ამომრჩეველზე გააკეთეს ორიენტაცია. მართალია, შედეგი მინიმალური იყო, მაგრამ რაღაც ხომ მაინც იყო.

„შესაძლოა პიროვნულ თვისებებს მნიშვნელობა აქვს, რომ ერთობა ვერ დგება, მაგრამ პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ობიექტური ფაქტორი. აქ იმას ვგულისხმობ, რომ შეუძლებელია შენი ამომრჩეველის ზურგის შექცევით ვიღაცასთან გაერთიანდე. ამიტომ უკეთესია არჩევნებში მონაწილეობა. როგორმე თავში უნდა შეუშვან, რომ ერთობა დამღუპველი ქცევაა, რაც მხარდამჭერებს ქსაქსავს", - განაცხადა პაატა ზააქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×