
თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების ინიციატივის გარშემო დაწყებული მწვავე აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიის შემდეგ, ხელისუფლებამ რეფორმის ფორმატი შეცვალა და ტექნიკური უნივერსიტეტის „წმინდა ტექნიკურ" სასწავლებლად გარდაქმნის მოდელი აირჩია. რა გახდა გადაწყვეტილების გადახედვის მთავარი მიზეზი და როგორ შეიცვლება ამ გადაწყვეტილებით სტუდენტების მიღება, პროგრამები და უნივერსიტეტებს შორის ფუნქციების გადანაწილება
ამას ოპოზიცია ხელისუფლების მარცხად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ „ოცნება" სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების თემას მომავალში დაუბრუნდება.
„ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანება „საშინელ პოლიტიკურ მასკარადს" წარმოადგენდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების" უკან დახევით დასრულდა.
„საშინელი პოლიტიკური მასკარადი - უნივერსიტეტების გაერთიანება-დაშლა დასრულდა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ" იმ სუსტ მდგომარეობაში, რომელიც დღეს არის, ვერ გარისკა იმ წნეხის გაძლება, რომელიც მისივე მხურვალე მხარდამჭერებისგან მიიღო, ვგულისხმობ, თსუ-ს და სტუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს - ვერ გაუძლო ამ წნეხს.
„ამ ორი უნივერსიტეტის პროფესორების დიდი ნაწილი არის „ქოცური" წიაღის წარმომადგენელი, შესაბამისად, „ოცნებამ" მიიღო დიდი წინააღმდეგობა და ვერ გაუძლო", - განაცხადა დათუნაშვილმა
- თაზო დათუნაშვილი: „ამ ორი უნივერსიტეტის პროფესორების დიდი ნაწილი არის „ქოცური" წიაღის წარმომადგენელი, შესაბამისად, „ოცნებამ" მიიღო დიდი წინააღმდეგობა და ვერ გაუძლო".
„გახარია-საქართველოსთვის" გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი კი ვარაუდობს, რომ მთავრობა უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს დაუბრუნდება:
„ასე ქაოსურად ცვლიან გადაწყვეტილებებს. ეს ამჟამად ვერ გაიტანეს, მაგრამ მგონია, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად დაუბრუნდებიან, რადგან რეალურად, ამ რეფორმის მიზანი არ გახლავთ განათლების ხარისხის გაზრდა. განათლების ხარისხი მართლაც გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ესეც „ოცნების" პასუხისმგებლობაა, მაგრამ აქ არის სხვა მიზანი - პირველ რიგში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, კორუფციული მიზნები, შენობები, მიწები, რომლებიც ამ უნივერსიტეტებს ბალანსზე გააჩნიათ", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მმართველ პარტიაში კი გადაწყვეტილების შეცვლას იმის მაგალითად მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება განსხვავებულ აზრს უსმენს.
„რაც შეეხება კონკრეტულ ორ უნივერსიტეტს, ეს არის მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნების" გუნდი და განსაკუთრებით, მთავრობის მეთაური განსხვავებულ აზრს უსმენს. ამ განსხვავებულ აზრებთან დაკავშირებით ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილებაა მიღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება", - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
რა იცვლება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტების მიღება აღარ მოხდება. ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი ორი წლის განმავლობაში მილევად რეჟიმში დარჩება.
„შენობებს რაც შეეხება, ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე კი აზუსტებს, თუ რომელ პროგრამებს შეეხება „მილევადი რეჟიმი".
„მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს - ჩვენ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულება. ასე რომ, პროფესორები, რომლებიც კონკურსებით არიან არჩეულები, მუშაობას გააგრძელებენ.
„ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი, ეს არის: სამართლისა და საერთაშორისო მიმართულების ფაკულტეტი, სოციალურ-მეცნიერების ფაკულტეტი და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი. აქ არის სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ამაზე იქნება საუბარი, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში", - განაცხადა რექტორმა.
რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება
ანალიტიკოს გია აბაშიძეს აზრით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი წონადი არგუმენტების წარდგენა იყო.
„მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად არ არის გაფორმებული და ინიციატივის სახითაა, არ ნიშნავს აპრიორად, რომ ის აუცილებლად უნდა დამტკიცდეს, როგორც ამას წარსული „ნაცრეჟიმის" გამოცდილება გვეუბნება. ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც არის უკიდურესად აქტუალური, საჭიროებს კონსულტაციებს პროფესიონალებთან და არა ე.წ. ექსპერტებთან და პოლიტიკურად ანგაჟირებულ აქტორებთან.
„ასეთი კონსულტაციები გაიმართა როგორც ღია, ასევე დახურულ ფორმატებში, ხოლო როცა მთავრობამ მიიღო წონადი არგუმენტები სხვადასხვა ექსპერტებისგან, მათ შორის ხსენებული უნივერსიტეტების აკადემიური საბჭოებისგან წარმომადგენლებისგან, შეცვალა ინიციატივა.
„ის, რომ ეს არის რაღაც კარდინალური ცვლილება და უკან დახევა - ასეთი მცდარი თეორემების შემოღება ძალიან დამაზიანებელია თვითონ ოპოზიციონერებისთვის."
კითხვაზე, რა გავლენა ჰქონდა ამ პროცესზე იმ ფაქტორს, რომ ამ გაერთიანებას აკადემიური წრეების ის წარმომადგენლებიც ეწინააღმდეგბოდნენ, ვინც „ოცნების" მხარდამჭერია, აბაშიძემ განაცხადა:
- გია აბაშიძე: „აშკარაა, რომ მათ შორის „ოცნების" მარდამჭერი ლექტორ-მასწავლებლებისგანაც იყო უკმაყოფილება, მაგრამ, როცა გაქვს უკმაყოფილება, უნდა დადო წონადი არგუმენტი და ასეც მოხდა".
„აშკარაა, რომ მათ შორის „ოცნების" მარდამჭერი ლექტორ-მასწავლებლებისგანაც იყო უკმაყოფილება, მაგრამ, როცა გაქვს უკმაყოფილება, უნდა დადო წონადი არგუმენტი და ასეც მოხდა", - განაცხადა აბაშიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ასახელებს სამ მიზეზს, თუ საერთოდ რატომ წამოსწია ხელისუფლება გაერთიანების საკითხი და შემდეგ რატომ შეცვალა გადაწყვეტილება.
„რამდენიმე მიზეზი შეიძლება დავასახელოთ. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ყურადღების გადატანა სხვა მოვლენისგან , რომელიც უკავშირდება გრანტების შესახებ ახალი კანონის მიღებას.
„მეორე ვარიანტია, რომ ხელისუფლებას უნდოდა გაეუქმებინა სტუ-ში რამდენიმე ჰუმანიტარული ფაკულტეტი, გააკეთა თითქოს „უარესი" და შემდეგ „ცუდზე" დაითანხმა სტუ. ტექნიკურ უნივერსიტეტში კმაყოფილები არიან, „სამაგიეროდ არ გვაუქმებენ" - რაღაც ასეთი ვარიანტიცაა.
- ნიკა ჩიტაძე: „ასეთი მეთოდიც არსებობს - გააკეთო უარესი, რომ შემდეგ დაითანხმო ცუდზე. შეიძლება ასეთი გათვლა იყო."
„ასეთი მეთოდიც არსებობს - გააკეთო უარესი, რომ შემდეგ დაითანხმო ცუდზე. შეიძლება ასეთი გათვლა იყო.
„მესამე ვარიანტია - უნდოდათ შემოწმება, ვინ არის ხელისუფლების ერთგული და ვინ მოწინააღმდგე როგორც თსუ-ში ასევე სტუ-ში", - განაცხადა ჩიტაძემ.