რეზონანსი
10.02.2026

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სასამართლოს უპატივცემულობის მიზეზით აღძრულ საქმეში პროკურატურის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ის ვერ ადგენს, თუ ვინ ამბობს დარბაზში უხამს სიტყვას.

"ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა გადმოგვეცა. მოგეხსენებათ, ამ საქმეში არაფერი დევს რამდენიმე ადამიანის მოხსენებითი ბარათის გარდა - და ძალიან მოკლე მონაკვეთში, მრავალ ფრაზას შორის, ერთი უხამსი ფრაზა ისმის, რომელზეც ნიკას ბრალად შეერაცხა, რომ ამის გამო მან მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ვიდეოში თავად მელია არც ჩანს. 

თუმცა, დღეს უკვე გვაქვს აუდიოექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ამ საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ამ ფრაზის მიხედვით ვერ დადგინდება...ვინ წარმოთქვა ეს ფრაზა.

ანუ გვაქვს შემდეგი მოცემულობა: პროკურატურამ გუშინ გადაწყვიტა, რომ 4 თვის წინანდელ საქმეზე ნიკას ბრალდება წაუყენოს, საქმეში მის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი მასალა უვარგისია და ფაქტობრივად გამოდის, რომ მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, პოლიტიკურ ლიდერს კვლავ ბრალს უყენებენ. ნიკა მელიასთან მიმართებით, კიდევ ერთხელ ხორციელდება პოლიტიკური ანგარიშსწორება". - თქვა მელიას ადვოკატმა.

პროკურატურის ცნობით, 9 თებერვალს, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა." - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინაიდან, ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×