მარიამ ვეკუა
10.02.2026

ევროკავშირში უკრაინის გზაზე შესაძლოა ისტორიული შუალედური ნაბიჯი გადაიდგას. გამოცემა „პოლიტიკოს" ინფორმაციით, ბრიუსელი განიხილავს უპრეცედენტო მოდელს, რომელიც კიევს ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობამდე ნაწილობრივ ინტეგრაციის საშალებას უკვე მომავალ წელს მისცემს. პარალელურად, გეგმა პოლიტიკურ წინააღმდეგობასაც აწყდება - უნგრეთის ვეტოს რისკიდან ტრამპის შესაძლო გავლენამდე.

„პოლიტიკო" წერს, რომ ევროკავშირი უპრეცედენტო გეგმას ამუშავებს, რომელიც უკრაინას ბლოკში ნაწილობრივ წევრობას 2027 წელს მიანიჭებს. გეგმის თანახმად, უკრაინა ევროკავშირის მაგიდასთან სრული წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებამდე ადგილს მოიპოვებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება შეაჩეროს ჩვენი მოძრაობა ევროკავშირში. სწორედ ამიტომ ვამბობთ - დაასახელეთ თარიღი. რატომ კონკრეტული თარიღი? იმიტომ, რომ თარიღს ხელს უკრაინა, ევროპა და აშშ მოაწერს".

„რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება შეაჩეროს ჩვენი მოძრაობა ევროკავშირში. სწორედ ამიტომ ვამბობთ - დაასახელეთ თარიღი. რატომ კონკრეტული თარიღი? იმიტომ, რომ თარიღს ხელს უკრაინა, ევროპა და აშშ მოაწერს", - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ჟურნალისტებს, როცა მას 2027 წლის გაწევრიანების თარიღის ფორმალიზების მნიშვნელობაზე ჰკითხეს.

ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იდეა და ახალი გეგმა მიმზიდველია, რადგან ის კიევს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, თუმცა, წინ დაბრკოლებები ელის, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის სახით, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

ამავე გამოცემამ, მის წყაროებზე დაყრდნობით, გეგმის მთავარი 5 პუნქტი გამოაქვეყნა, რომელსაც, სავარაუდოდ, ევროკავშირი უკრაინის ბლოკში გასაწევრიანებლად ამზადებს.

ნაბიჯი 1: უკრაინის მომზადება

ევროკავშირი უკრაინის წევრობის განაცხადს „წინასწარ ამზადებს". ეს კიევისთვის მოლაპარაკებების პროცესში არაფორმალური მითითებების მიწოდებას გულისხმობს - ეს არის სამართლებრივი ნაბიჯები წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ბლოკმა უკვე მიაწოდა უკრაინას დეტალები ექვსი მოლაპარაკების ჯგუფიდან სამის შესახებ. ხოლო დარჩენილი რეკომენდაციების გაცემას ევროკავშირი 2026 წლის მატრში კვიპროსში დაგეგმილ არაფომალურ შეხვედრაზე აპირებს.

„ყველაზე რთული გარემოებების მიუხედავად, მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინა აჩქარებს რეფორმების მცდელობებს", - განუცხადა „პოლიტიკოს" კვიპროსის ევროპის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

თავის მხრივ კიევი აცხადებს, რომ მზადაა საჭირო სამუშაოს შესასრულებლად.

„ჩვენ ტექნიკურად მზად ვიქნებით 2027 წლისთვის. თქვენ საუბრობთ ომის დასრულებასა და უსაფრთხოების ერთდროულ გარანტიებზე. ჩვენთვის ევროკავშირი უსაფრთხოების გარანტიაა", - განაცხადა ზელენსკიმ პარასკევს.

ნაბიჯი 2: ევროკავშირის წევრობის შექმნა - მსუბუქი ფორმატი

როგორც „პოლიტიკო" წერს, ევროკავშირის მთავრობებმა პარასკევს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ბლოკში ახალი ქვეყნების გაწევრიანების მცდელობების შესახებ კითხვები დაუსვეს.

მან წარმოადგინა სხვადასხვა ვარიანტი და მოდელი, რომელსაც ევროკავშირი განიხილავს, მათი თქმით, მათ შორის იყო „უკუგაფართოების" იდეა.

 

  • „ეს იქნებოდა პროცესის ერთგვარი ხელახალი კალიბრაცია - თქვენ შეუერთდებით და შემდეგ ეტაპობრივად მიიღებთ უფლებებსა და ვალდებულებებს".

„ეს იქნებოდა პროცესის ერთგვარი ხელახალი კალიბრაცია - თქვენ შეუერთდებით და შემდეგ ეტაპობრივად მიიღებთ უფლებებსა და ვალდებულებებს", - თქვა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა, რომელიც იცნობს დისკუსიის შინაარსს, - „ამრიგად, გადაიხედებოდა, თუ როგორ ვახორციელებთ გაწევრიანებას იმ სრულიად განსხვავებული სიტუაციის საფუძველზე, რომელიც ახლა გვაქვს".

„მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის მეორე დონის სტატუსს არ მიიღებს, მას შეუძლია ღია იყოს ისეთი რამისთვის, რაც განსაზღვრავს ქვეყნის გზას ევროკავშირში, სანამ ის ბლოკის სრულუფლებიანი წევრი გახდება", - განაცხადა უკრაინის ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით.

ნაბიჯი 3: დაელოდეთ ორბანის წასვლას

უკრაინის წევრობის პერსპექტივისთვის გამოწვევა 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერაა, რადგან ბლოკის გაფართოების ნებისმიერი გადაწყვეტილება ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს. უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება .თუმცა, კომისია და ევროკავშირი ორბანის ვეტოს გვერდის ავლის გზებზე მუშაობენ..

ორბანმა შაბათს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „უკრაინა რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის მცდელობის გამო მტერია" და რომ ის „არასდროს" არ უნდა შეუერთდეს ევროკავშირს.

  • „ეს ორბანსა და ზელენსკის შორის პირადი საკითხია. ეს სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თამაშზე მეტია".

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ანტიპათია კიევის მიმართ ღრმაა", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, - „ეს ორბანსა და ზელენსკის შორის პირადი საკითხია. ეს სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თამაშზე მეტია".

ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმედოვნებენ, რომ თუ ორბანი უნგრეთში წელს დაგეგმილ არჩევნებს წააგებს, მისი მეტოქე, ოპოზიციური პარტია „ტიზას" კონსერვატიული ლიდერი, პეტერ მადიარი, შესაძლოა, უკრაინასთან მიმართებაში კურსი შეცვალოს.

ნაბიჯი 4: ტრამპის კარტი

მიუხედავად იმისა, რომ ორბანის წინააღმდეგობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მტკიცე ჩანს, არსებობს ერთი ადამიანი, რომ შეუძლია მისი აზრი შეცვალოს - დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ორბანთან მჭიდრო კავშირშია და მას უნგრეთის არჩევნებამდე მხარს უჭერდა, არ მალავს, რომ სურს უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებისკენ უბიძგოს. ომის დასრულების 20-პუნქტიანი წინადადების პროექტში უკრაინის 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულების გათვალისწინებით, ტრამპმს შესაძლოა ბუდაპეშტს შეთანხმების მისაღწევად დაურეკოს.

ნაბიჯი 5: თუ ყველაფერი ვერ მოხერხდა, უნგრეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას

თუ ტრამპის მცდელობაც ჩავარდება, ევროკავშირს კიდევ ერთი კარტი აქვს გასათამაშებელი - უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის დაბრუნება, - აცხადებს, ევროკავშირის ორი დიპლომატი.

მე-7 მუხლი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა ქვეყანა ბლოკის ძირითადი ღირებულებების დარღვევის რისკის ქვეშაა, ყველაზე სერიოზული პოლიტიკური სანქციაა, რომლის დაწესებაც ევროკავშირს შეუძლია, რადგან ის აჩერებს წევრის უფლებებს, მათ შორის ახალი ქვეყნების წევრობასთან დაკავშირებულ უფლებებს.

ევროკავშირს ჯერ არ აქვს განზრახული, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, იმის გათვალისწინებით, რომ ეს აპრილის არჩევნებამდე ორბანის სასარგებლოდ იმოქმედებს. თუმცა, თუ ორბანი ხელახლა აირჩევა და გააგრძელებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებისთვის ხელის შეშლას. ასეთი ნაბიჯი „აბსოლუტურად შესაძლებელია", - განაცხადეს დიპლომატებმა პოლიტიკოსთან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×