თამთა ჩაჩანიძე
10.02.2026

13-15 თებერვლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, შარშანდელისგან განსხვავებით, მთავრობამ მოწვევა მიიღო. უკვე ცნობილია, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე მიუნხენში არ გაემგზავრება. დიდი ალბათობით, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს.

ანალიტიკოსთან ნაწილის აზრით, ეს მიწვევა შესაძლოა „პირველი მერცხალი" იყოს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მეორე ნაწილის აზრით კი საქართველოს მიწვევა უკრაინის ომის შესაძლო დასრულების კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

უშუალოდ კონფერენციის წინ კი ევროპაში გახშრდა საუბარი რუსეთთან დიალოგზე. საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ამის კვალდაკვალ ევროპამ, შესაძლოა, საქართველოსთანაც განაახლოს ურთიერთობა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრინმა რამდენიმე ევროპელ კოლეგას რუსეთთან დიალოგის განახლება შესთავაზა, მისი თქმით, „ევროპის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება და მოგვწონს თუ არა რუსეთი, ის ჩვენს კართანაა". მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს ამაზე „ორგანიზებული ევროპული მიდგომა ექნება".

„იმედია, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ, საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროპა-რუსეთის დიალოგის შესაძლო დაწყების კონტექსტში.

შარშან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი მიუნხენის 61-ე კონფერენციაზე არ მიიწვიეს, რომელიც 14-16 თებერვალს ჩატარდა და ეს პირველი მსგავსი შემთხვევა იყო. კონფერენციას საქართველოდან მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო საქართველოდან, თუმცა, იმ დროისთვის ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოწურული ჰქონდა და საქართველოს ხელისუფლებას არ წარმოადგენდა.

მიუნხენიდან დასავლეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა

ანალიტინოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპის პოზიციაში ცვლილება აშკარაა და ეს ჩანს იმითაც, რომ საქართველოში მოწვევა გამოგზავნეს.

„ადრე ევროპამ საკუთარი ინიციატივით შეაჩერა მაღალი დონის კონტაქტები საქართველოსთან და მიუნხენის კონფერენციაზე არმიწვევაც სწორედ ამის დემონსტრირება იყო. რადგანაც ახლა მოწვევა მიიღეს, როგორც ჩანს, ევროპის მიდგომებში რაღაც შეიცვალა, ჩათვალეს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა უკეთესია, ვიდრე ბოიკოტის.

„არ მინდა გადაჭარბებული მნიშვნელობა მივანიჭო, მაგრამ შეიძლება ეს იყოს პირველი მერცხალი. ყოველ შემთხვევაში, რადგანაც მიწვევა შედგა იმის ფონზე, რომ წინა წელს ეს არ ყოფილა, ეს ხომ ცვლილებაა...

„შესაბამისად, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საჭირო ხალხთან კონაქტის და გარკვეული პოზიციების შეჯერების საშუალება იქნება და ესეც წინგადადგმული ნაბიჯია ევროპასთან კონტაქტების აღსადგენად", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

  • ანჯაფარიძე:„არ მინდა გადაჭარბებული მნიშვნელობა მივანიჭო, მაგრამ შეიძლება ეს იყოს პირველი მერცხალი. ყოველ შემთხვევაში, რადგანაც მიწვევა შედგა იმის ფონზე, რომ წინა წელს ეს არ ყოფილა, ეს ხომ ცვლილებაა..."

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე უფრო სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ მიუნხენის კონფერეცია გახდება საქართველო-ევროპის დიალოგის განახლების ერთგვარი საწყისი.

„საკითხი, რომ თუ ევროპა რუსეთთან დიალოგს დაიწყებს, ჩვენთანაც დაიწყებს... რუსეთთან იძულებულები არიან დიალოგზე წავიდნენ, რადგან ის უკრაინაში იბრძვის, ომია და მთალი რიგი პრობლემებია მოსაგვარებელ-გადასაწყვეტი და საქართველო დღეს დასავლეთისთვის იმ ფიგურას არ წარმოადგენს, რომ მასთან მოლაპარაკება აუცილებელი იყოს.

„კობახიძეს ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს ამაზე. დასავლეთიდან საქართველო და რუსეთი ერთ სიბრტყეზე არ და ვერ აღიქმება.

„თუ ჩვენთან დიალოგს დაიწყებენ, სხვადასხვა ტონში და სხვადასხვა თემაზე იქნება საუბარი, ისიც თუ დაიწყებენ, ჯერჯერობით ეს არ ჩანს", - განაცხადა ძაბირაძემ.

  • ძაბირაძე:„ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობა უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში განიხილება და არა ცალკე აღებული. ცალკე აღებულს რომ განიხილავდეს, ეს ბრწყინვალე იქნება, მაგრამ ასე არაა."

კითვაზე, მაშინ რისი მანიშნებელია მოსაწვევის გამოგზავნა, ანალიტიკოსი გვპასუხობს:

„ევროპაში რუსეთთან დიალოგზეც იმიტომაა ლაპარაკი, რომ არა მხოლოდ უკაინაში ომის დასრულება, არამედ მისთვის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს. აქ, ცხადია, ამერიკის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენთან მიმართებაში რამე შეიცვალა თუ არა, სულ ვამბობდი და დასავლეთიც, როგორც ჩანს, ამას ფიქრობს, რომ ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობა უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში განიხილება და არა ცალკე აღებული. ცალკე აღებულს რომ განიხილავდეს, ეს ბრწყინვალე იქნება, მაგრამ ასე არაა.

„რადგან ფიქრი დაიწყო იმაზე, რომ ეს კონფლიქტი როგორმე დაასრულონ, როგორც ჩანს, ეს მიწვევაც სწორედ ამ კონტექტში უნდა განვიხილოთ, რომ ჩვენც დაგვიძახეს, რადგან მთელი რიგი საკითხებია, რომელიც უნდა იქნას გადაწყვეტილ-შეთანხმებული და ალბათ დასავლეთის პოზიცია და მოთხოვნებიც იქნება გაჟღერებული საქართველოს ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა ძაბირაძემ.

რატომ არ მიდის პრემიერი

მიუნხენის კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ იგი გერმანიაში გამგზავრებას არ გეგმავს.

„რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. შეიძლება იყოს მაკა ბოჭორიშვილი. საზოგადოება გაიგებს ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, როცა იქნება საჭირო. მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე. მთავრობამ მიიღო მოსაწვევი. მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, შესაძლოა მთავრობაში იმსჯელეს საკითხზე ვინ წავიდოდა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

„ნამდვილად ვერ გეტყვით, შესაძლოა მას სხვა საქმეები აქვს, მაგრამ ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი წავა, არც ესაა დონის დაქვეითება. ეტყობა მთავრობაში ამის თაობაზე იმსჯელეს და ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე მისი (კობახიძის) წასვლა მიზანშეწონილი არ იქნებოდა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, ევროპელი ლიდერების კრიტიკას ხომ არ აარიდა თავი პრემიერმა, ანალიტიკოსი გვპასუხობს:

„არც ესაა გამორიცხული, რომ იქ კრიტიკული გამოსვლები იქნებოდა. ალბათ ქართული ოპოზიციაც ჩავა, ცალკეული წარმომადგენლები ალბათ მიწვევას მიიღებდნენ. შესაბამისად, მან გადაწვიტა თავი აერიდებინა შესაძლო უხერხულ სიტუაციისთვის", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, კობახიძე დარწმუნებული რომ იყოს თბილად დახვდებიან, მიუნხენში ბოჭორიშვილი არ წავიდოდა.

„ის, რომ კონფერენციაზე კობახიძე კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიდის, სავარაუდოდ იმის მანიშნებელია, რომ იქ საქართველოსთან მაინცდამაინც თბილი და ტკბილი საუბარი არ იქნება. ვფიქრობ, კობახიძე ძირითადად ამიტომ მოერიდა პირველი პირისგან უშუალოდ რაღაც გარანტიების მიცემას, ან უხერხულ ლაპარაკს.

„რა თქმა უნდა, ასეთი ცუდი საუბრის მოსმენა კობეხიძეს არ უნდა. კობახიძე დარწმუნებული რომ იყოს, იქ ჩასულს მაღალი რანგის წარმომადგენლები შეხვდებიან და ტაშს დაუკრავენ, იქ ბოჭორიშვილი არ წავიდოდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×