
აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისა და „ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერევანსა და ბაქოს ეწვია. აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, ბაქოში ვენსი ვიზიტისას კი აშშ-მა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ვენსის სამხრეთ კავკასიური ტურნე შესაძლოა სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმების კუთხით რუსული გავლენების შემცირების ხარჯზე.
შეხვედრების ფარგლებში განხილვის მთავარი თემა იყო ბაქო-ერევნის ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულების დინამიკა სტაბილურობისა და მდგრადი მშვიდობის განსამტკიცებლად.
ვენსი სომხეთში
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ერევანში 9 თებერვალს მეუღლესთან ერთად ჩავიდა. აეროპორტში მას სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ერევნის მერი ტიგრან ავინიანი და სხვ ოფიციალური პირები დახვდნენ.
ვენსი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რის შემდეგაც გაიმართა პრესკონფერენცია და გარკვეული დეტალები ცნობილი გახდა. ლიდერებმა ბირთვული ენერგიის სექტორში შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ მოეწერა. შეთანხმება შეერთებულ შტატებს სხვა სახელმწიფოებისთვის ბირთვული ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ლიცენზირების უფლებამოსილებას მიანიჭებს.
შეთანხმება სომხეთში აშშ-ის 9 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას უხსნის გზას - 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული ტექნოლოგიის ექსპორტისა და დამატებით 4 მილიარდ აშშ დოლარის საწვავი და ტექნიკური მომსახურება გრძელვადიანი კონტრაქტების სახით.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სომხეთი აშშ-სგან 11 მილიონი დოლარის ღირებულების „ვ-ბატ"-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებს (სათვალთვალო დრონების ტექნოლოგიას) შეისყიდის. ასევე განიხილეს სომხეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, „ენვიდიას" ჩიპების მწარმოებელი ქარხნის გახსნის საკითხი.
როგორც ვენსმა აღნიშნა, აშშ იშვიათად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი ტექნოლოგიების სხვა ქვეყნისთვის გადაცემის შესახებ, სომხეთის შემთხვევაში კი ვიცე-პრეზიდენტი „დარწმუნებულია იმ კურსისა და პოზიციის წყალობით", რომელიც ფაშინიანის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
- ვენსი: „ჩვენი ქვეყანა უკიდურესად იშვიათად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი ტექნოლოგიების სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემის შესახებ. სომხეთის შემთხვევაში ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ თქვენი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გატარებული პოზიციისა და კურსის გამო...
„ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალიზაციის პროცესში მიმდინარე დიალოგის ლოგიკურ ეტაპს, მათ შორის გიუმრი-ყარსის რკინიგზის გახსნას. ჩვენ ასევე ერთობლივად დავაფიქსირეთ მნიშვნელოვანი მიღწევები ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში", - აღნიშნა ვენსმა.
თავის მხრივ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ისაუბრა სომხეთში ინსტიტუციურ რეფორმებზე და ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მიერ გაწეული მხარდაჭერის გაგრძელებაზე. ფაშინიანის თქმით, აშშ და სომხეთი არაერთ სფეროში აღრმავებენ თანამშრომლობას, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციური ტექნოლოგიები.
„მე ასევე ხაზი გავუსვი სომხეთისთვის გაწეულ მხარდაჭერას „მშვიდობის გზაჯვარედინის" პროგრამის შესაძლებლობების განვითარებისთვის. ორივემ ხაზი გავუსვით, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და გამოვთქვით მზადყოფნა, კიდევ უფრო განვავითაროთ ისინი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ", - განაცხადა ფაშინიანმა.
ვენსმა ბაქოში გამგზავრებამდე აზერბაიჯანში დაპატიმრებული სომეხი მოქალაქეების საკითხის განხილვის სურვილი გამოთქვა.
„ეს საკითხი აუცილებლად წამოიჭრება. მოუსმინეთ. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს როგორც აქაურ პრემიერ-მინისტრთან (ფაშინიანი), ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან... ჩვენ აუცილებლად წამოვწევთ რიგ საკითხებს", - ციტირებს „არმენპრესი" ვენსის სიტყვებს.
ვენსი აზერბაიჯანში
ვენსის აზერბაიჯანს 10 თებერვალს ეწვია. პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დახურული შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა აზერბაიჯანისა და აშშ-ის მთავრობებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს.
ალიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან ისტორიულმა შეხვედრამ და ექვსი თვის წინ ამ ქარტიის შემუშავების სამუშაო ჯგუფის შექმნამ ორმხრივი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები გახსნა.
- „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ერის - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორები ვართ", - განაცხადა ალიევმა.
რას ცვლის რეგიონში ვენსის ტურნე
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, შესაძლოა, ვენსის სამხრეთ კავკასიური ტურნე სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს. სომხეთთან დადებული ხელშეკრულება და სხვა შეთანხმებები ნიშნავს, რომ აშშ-ს აქცენტი მათზე გადააქვს რუსეთის გავლენების შესუსტების ხარჯზე.
„ეს ვიზიტი შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს, მინიმუმ ორი სახელმწიფო - სომხეთი და აზერბაიჯანი - ფაქტიურად ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში ხვდებიან. სომხეთთან დადებულია ხელშეკრულება, მათ შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნით სარგებლობის შესახებ და იარაღის მიყიდვაზე, რომელიც შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში.
„ფაქტიურად, აშშ ცდილობს საქართველო სომხეთით ჩაანაცვლოს. რაც საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდა, ახლა აქცენტი სომხეთზე გადადის და აშშ ასევე ცდილობს აზერბაიჯანსაც ინდივიდუალურად მიუდგეს და მასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლი შემცირდა, ეს ორი ქვეყანა ცდილობს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებებით, საზღვრების გახსნით, მათ შორის თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციით სომხეთის მხრიდან, ნელ-ნელა რუსეთის გააძეოს რეგიონიდან.
„ჩვენ დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში ვართ, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. თუ შიდა პოლიტიკა შეიცვლება და ხელისუფლება განვითარების ნორმალურ გზას დაუბრუნდება, ის ყველაფერთან ერთად მიიღებს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ლეგიტიმაციას.
- კაკაჩია: „ფაქტიურად, აშშ ცდილობს საქართველო სომხეთით ჩაანაცვლოს. რაც საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდა, ახლა აქცენტი სომხეთზე გადადის და აშშ ასევე ცდილობს აზერბაიჯანსაც ინდივიდუალურად მიუდგეს და მასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს."
„დღეს რუსეთის გადასახედიდან ყველაზე სუსტი წერტილი საქართველოა - ის იზოლირებულია, სავაჭრო პარტნიორია და ვიცით როგორ იყენებს ხოლმე რუსეთი ასეთ საშუალებებს. როგორც კი უკრაინის ომი დამთავრდება, აუცილებლად ეცდება ის გავლენები და ბერკეტები გამოიყენოს საქართველოზე, რომელიც უკვე აქვს. ამის კარგი მაგალითია როგორ იყენებს ის ასეთ გავლენებს თუნდაც აფხაზეთში - ხელების გადაგრეხვის ძველებური პოლიტიკა, რომელიც მას საკმაოდ ეხერხება", - განაცხადა კაკაჩიამ.