
ბუდაპეშტის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო საქართველოს გამოწვევებზე სასაუბროდ, იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც დღეს აქტუალურია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სუვერენული პოლიტიკის გატარება იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სუვერენიტეტის დაცვასა და სუვერენული უფლებების განხორციელებაზე, ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვნახეთ, თუ რა თავდასხმებს განიცდის საქართველო, როდესაც ატარებს სუვერენულ პოლიტიკას და ამავდროულად ისიც ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენული პოლიტიკის გატარება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოვახდინოთ.
ეს არის აქტუალური საკითხები გლობალური გამოწვევების პირობებში. ასეთ ფორუმებზე როდესაც საუბარი შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, განვითარებასთან დაკავშირებით საკითხებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხედვა იყოს წარმოდგენილი და ჩვენც ვისაუბროთ ჩვენს გამოწევებზე", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.