რეზონანსი
12.02.2026

მინდა, დაველაპარაკო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც, მე მათთან არაფერი სამტრო არ მაქვს. მინდა, რომ ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიორგი ვაშაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველას მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ევროკავშირის წევრი და ნორმალური გარემო გვქონდეს.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ნიკა [გვარამია] საპატიმროს დატოვებს, ეს ძალიან კარგია. მოდი, ყველა შევთანხმდეთ, არ არის ნორმალური ის, რაც ქვეყანაში ხდება. ამდენი პოლიტიკური პატიმარი, ყველა პოლიტიკური ლიდერი, სტუდენტი, ჟურნალისტი ციხეშია. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ასე ვითარება? ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება გავხსნათ დიალოგი საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან, ღიად ვამბობ, მინდა, დაველაპარაკო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც, მე მათთან არაფერი სამტრო არ მაქვს. მინდა, რომ ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა. წამქეზებლებს, რომლებიც ერთმანეთს გვაპირისპირებენ, პასუხი გავცეთ, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს. გვინდა, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ევროკავშირის წევრი, ნორმალური გარემო გვქონდეს და ჩვენი შვილები ნორმალურ ვითარებაში იზრდებოდნენ. აქ რა არის განსაკუთრებული? თუ განსხვავებულად ფიქრობ და მე შენ ციხეში ჩაგსვამ, ეს ხომ ნორმალური არ არის?!“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ წაყენებული ბრალიც არის აბსურდული.

„თუნდაც ის ახალი ბრალი, ლიდერების წინააღმდეგ მიმართული საქმე, მეტი ხომ არაფერი არ არის. 15-წლიანი პატიმრობით მემუქრებიან და საქმეში ცარიელი ფურცლის მეტი არაფერი დევს. პროცესი იყო და საქმიდან 15 სიყალბე ჩამოვუთვალე პროკურატურას. სულ ტყუილებია საქმეში და არაფერი მტკიცებულება არ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×