რეზონანსი
12.02.2026

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა.

„თუმცა, გვჯერა და იმედს გამოვთქვამთ, რომ კონსტრუქციული და აქტიური დიალოგით შესაძლებელია საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების გადალახვა, ნორმალიზება და ამისთვის ალბათ, მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები.

„ჩვენ ვეცდებით, რომ ამ საკითხთან მიმართებაში ვიყოთ გულწრფელი - ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, ყოველთვის მზად ვართ, გავაგრძელოთ ურთიერთობები ნებისმიერ დონეზე მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულებითაც არ უნდა იყვნენ ევროპელი ბიუროკრატები”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აქვე განაცხადა, რომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლო მიდგომაზე თვალს არ ხუჭავენ.

„საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითო მდგრადობა და პრინციპულობა აჩვენა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მშვიდობა, რის დამსახურებაცაა ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. საბედნიეროდ, ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უსამართლო მიდგომებზე თვალს არ ხუჭავენ, ხედავენ და ობიექტურად აფასებენ საქართველოს პროგრესს და ევრობიუროკრატების აგრესიული რიტორიკის ნაცვლად დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ.

მხოლოდ ამ გზითაა ნამდვილი ევროპული ფასეულობების გადარჩენა შესაძლებელი. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, ბატონ პრეზიდენტს, რომელიც ამ ფასეულობებს ერთგულია და იმედს ვიტოვებ, რომ [ამგვარი პოზიციის მქონე], როგორც პოლიტიკოსების, ისე ქვეყნების რიცხვი, ნამდვილად გაიზრდება და ბევრი ქვეყანა დააფასებს ჩვენს ძალისხმევას”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×