
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება გამჭვირვალობაზე როცა საუბრობს, კარგი იქნება, ეს თავადაც დაამტკიცოს და „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებული ნაწილი გაასაჯაროოს.
ხვედელიანი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „„იგლ ჰილსის“ პროექტში გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 იყიდეს უცხოელებმა, აქედან არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა მხოლოდ რვა ბინა შეიძინეს“.
ტატა ხვედელიანის თქმით, საუბარი იყო არა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძენდა ბინას, არამედ საინვესტიციო ხელშეკრულების გასაჯაროებაზე.
„მისასალმებელია ნებისმიერი ინვესტიცია, თუ საქართველოს განვითარებას და ინტერესებს ხმარდება. საუბარი იყო არა იმაზე, ბინებს ვინ შეიძენდა, არამედ იმაზე, რომ გასაჯაროებულიყო ხელშეკრულების ის ნაწილები, რაც დღეს დაფარული და გასაიდუმლოებულია. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ამხელა რაოდენობის მიწა რა მიზნით გაიცემა და რა სარგებელი ექნება მოსახლეობას. ხელისუფლება გამჭვირვალობაზე როცა საუბრობს, უპრიანი იქნება, ეს საქმით თავადაც დაამტკიცონ. იმაზე საუბარი, რომ უცხოელმა რვა ბინა შეიძინა, ღიმილის მომგვრელია. ამხელა მიწა გავეცით, ადამიანებს მართვაში გადავეცით და არ ვიცით, რა სარგებელს ვიღებთ. მეტი გამჭვირვალობაა საჭირო, რათა კითხვები არ იყოს. გაასაჯაროონ ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც დაფარეს. როცა ხელისუფლებას ამდენი პრობლემა აქვს კორუფციასთან და ეს არის კორუმპირებული რეჟიმი, მნიშვნელოვანია, ხელშეკრულების პირობები გაასაჯაროონ. ეს პროექტი ქვეყნისთვის თუ სასარგებლოა, ამას მივესალმებით“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.