
რითეილ ასოციაცია და მისი წევრები, გამოხატავენ მზადყოფნას, განიხილონ ქეშბექებისა და რეტრობონუსების გაუქმების საკითხი იმ პრინციპით, რომ შესაბამისი შემცირება აისახოს მოსაწოდებელ ფასში, - ამის შესახებ რითეილ ასოციაციის მიერ სურსათის ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„კვლევებზე დაფუძნებული მონაცემებით ცნობილია, რომ ორგანიზებული სუპერმარკეტები ერთად რითეილ ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. დანარჩენი 60% მოდის უბნის მაღაზიებსა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებზე. ასევე, ცნობილია, რომ ამ სეგმენტში დისტრიბუცია ქეშბექსა და რეტრობონუსს ან საერთოდ არ იყენებს, ან ძალიან მცირე მასშტაბით იყენებს. მიუხედავად ამისა, არაბრენდირებულ უბნის მაღაზიებში პროდუქტები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ორგანიზებულ, მათ შორის დისკაუნტერულ ქსელებში.
ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქეშბექი და რეტრო-ბონუსი ვერ განიხილება ფასის ზრდის მთავარ მიზეზად. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რამდენად ეფექტიანად არის მოწყობილი პროდუქტის მიწოდება.
ფასის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამატებითი შუალედური რგოლის - დისტრიბუციის არსებობა, სადაც არაეფექტური და ძვირიანი სადისტრიბუციო პროცესი საბოლოოდ ზრდის ფასნამატს.
რითეილ ასოციაცია და მისი წევრები, გამოხატავენ მზადყოფნას, განიხილონ ქეშბექებისა და რეტრობონუსების გაუქმების საკითხი იმ პრინციპით, რომ შესაბამისი შემცირება აისახოს მოსაწოდებელ ფასში, თუმცა, ასეთი, ნაწილობრივი ნაბიჯები თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ფასის არსებით გაიაფებას, თუ პარალელურად არ მოხდება მიწოდების სისტემის გარდაქმნა და ლოგისტიკური მოდელის დაახლოება იმ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, რომელიც მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მაგალითის სახით.
ასოციაციის წევრ კომპანიებს უკვე აქვთ ინფრასტრუქტურული საფუძველი იმისთვის, რომ ეს ტრანსფორმაცია ეტაპობრივად განხორციელდეს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებულ და თანამიმდევრულ მუშაობას,“ - ნათქვამია რითეილ ასოციაციის განცხადებაში.