
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში კონკრეტული გზავნილებით ჩამოვიდა. ზორან მილანოვჩმა საქართველოს სოლიდარობა ორბელიანების სასახლიდან გამოუცხადა. ბრიუსელს ღიად უთხრა, რომ ხორვატიას, საქართველოსთან მიმართებით საკუთარი პოზიცია აქვს და ევროგაერთიანება გადაწყვეტილებას ყველას ნაცვლად ვერ მიიღებს. ცალკეულ ევროპელ ბიუროკრატებს კი შეახსენა, რომ შანტაჟის ენით საუბარი საქართველოსთან მიუღებელია. ხორვატიის პირველმა პირმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ უცხოელი აქტორის საპროტესტო აქციაში მონაწილეობა სხვა ქვეყნის საქმეებში პირდაპირი ჩარევაა.
სამართლიან მიდგომას ოფიციალური თბილისი ბრიუსელისგან დიდი ხანია ელოდება. მიუხედავად ამისა, ცალკეული ევრობიუროკრატები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას ხშირად მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებენ.
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირთან ურთიერთობის ნორმალიზებას დიალოგში ხედავს.
ის, რაზეც ხორვატიის პირველი პირი საუბრობს დიდი ხანია იცის თბილისმა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ხშირად ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
პრეზიდენტის რანგში ზორან მილანოვიჩი თბილისს პირველად სტუმრობს. ხორვატიის პრეზიდენტს სასახლეში უმასპინძლა ქართველმა კოლეგამ. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ღონისძიება, რის შემდეგაც მხარეებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში ისაუბრეს. გაკეთდა საერთო განცხადება მედიისთვისაც. პრეზიდენტებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა მჭიდრო კავშირებს და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველო კი როგორც ევროპისა და აზიის მთავარი მაკავშირებელი ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად მუდმივად მზადაა.
ორბელიანების სასახლის შემდეგ, ზორან მილანოვიჩი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. მას პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განახილეს. ხაზი გაესვა პარტნიორობის მნიშვნელობას ეკონომიკურ თუ სავაჭრო საკითხებში.
ხორვატიის პრეზიდენტს თბილისში ვიზიტის ფარგლებში დატვირთული დღის წესრიგი აქვს. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა და პირველ კანონმდებელს უთხრა, რომ საკითხით პირადად დაინტერესდება. ზორმან მილანოვიჩმა დღის ბოლო ყვავილებით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი.
ხორვატიის პრეზიდენტი თბილისში მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ხორვატიის პირველმა ლედიმ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საჯარო ლექცია ჩაატარა. სანია მუსიჩ მილანოვიჩი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტია. დღესვე მას თამარ ბაგრატიონმა ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა. სტუმრებმა არქეოლოგიური და შუა საუკუნეების საგანძური დაათვალიერეს.