
ბრიუსელმა, თბილისის მკაფიო პასუხი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამოცხადებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მიიღო. საქართველოს ხელისუფლება, ევროპელ ბიუროკრატებს, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული წესების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, ქართული ოცნების პოლიტიკასა თუ გადაწყვეტილებებზე ნულოვანი გავლენა ექნება. უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ ე.წ დიფ სთეითის გავლენებით მოქმედი, ევროპული ელიტის გადაწყვეტილებები, საქართველოსთვის დაბრკოლებასაც ვერ შექმნის. ქართული ოცნების პოზიცია არ გადაიხედება იმ შემთხვევაშიც, თუ სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის ინტერესი, მეორე მხარეს კი სავიზო რიგში დგომა იქნება.
ევროპა, რომ პოლიტიკურ უფსკრულამდე და ღირებულებით კრიზისამდე, ჩრდილოვანმა მმართველობამ მიიყვანა- მმართველი ძალა უკვე დიდი ხანია საუბრობს. უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ სწორედ დასუსტებული და მორჩილი ბიუროკრატიაა, საქართველოზე ზეწოლის მთავარი ინსტრუმენტი - "დიფ სთეითის" ხელში, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკის ცვლილება და მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფა სურს. "ქართულ ოცნებაში", სადაც მოწინააღმდეგის ეს პოლიტიკური ხრიკები წინასწარ უკვე გათვალეს, ამბობენ, რომ არსენალში დარჩენილი მომდევნო სვლებიც უშედეგო იქნება.
ევროსტრუქტურების და მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებში უკვე დიდი ხანია პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები არ მალავენ, რომ სურთ უფრო მეტიც - სადამსჯელო ღონისძიებები, რომლის გატარებაც, არა მათი, არამედ მხოლოდ უცხო სახელმწიფოების ინტერესებში შედის.
ის რაც ოპოზიციისთვის ნორმალური მოვლენაა- მუქარა და ზეწოლაა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ხელისუფლება შანტაჟს, ნებისმიერი თუნდაც უმძიმესი ფორმით არასდროს დაექვემდებარება.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი გუშინ, ევროპული საბჭოს სხდომაზე დაუჭირეს. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ კი უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ