
„როდესაც იმპორტით პროდუქცია შემოდის ბაზარზე და ამ იმპორტის წარმომადგენლები არიან თვითონ "რითეილ" სეგმენტში, ჩვენი პრობლემები საკმაოდ იზრდება“, - ამის შესახებ ქართული თხილებისა და ჩირების მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ დამფუძნებელმა, მურად ღოღაძემ, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების მწარმოებლებს უსმენენ.
მისი თქმით, თხილის ნაწილში ადგილობრივ წარმოებას ხელს იმპორტი უშლის, რომელიც დასარეგულირებელია.
„იმპორტის ნაწილი საკმაოდ მაღალია, ჩემს სეგმენტზე მაქვს საუბარი, რაც საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ პროდუქციას. კარგი იქნება, თუ დარეგულირდება იმპორტის ნაწილი. როდესაც ადგილობრივი წარმოების ნედლეული გაგვაჩნია, ჯობია, რომ ადგილობრივი ნედლეულით ვაწარმოოთ სრულად, შესაბამის ღირებულებაში. მე ვიცი, რომ ჩვენი თხილი უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში გასაყიდი თხილი. არ ვიცი, რატომ. წელს დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი ფასმაჩვენებელი თხილთან მიმართებით, რომელიც საკმაოდ მაღალ ფასს იღებდა ადგილობრივ ბაზარზე, ვიდრე იმპორტით შემოდიოდა.“ - განაცხადა ღოღაძემ.