
გვამუნათებდნენ იმაზე, რომ როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ჩვენი შიდაპოლიტიკური არეალის დაცვა. ახლა თვითონ დადგნენ ამის წინაშე, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, რომელიც უცხოური გავლენებისგან ქვეყნის დაცვის მიზნით კანონმდებლობას ამკაცრებს.
„პირველად ეს აშშ-მა გააკეთა 1938 წელს. არ მოშალა ეს კანონმდებლობა, პირიქით, უფრო გააძლიერა, გაამკაცრა. როდესაც საქართველომ დაიწყო ამის კეთება, მთელი ევროკავშირის ისტებლიშმენტი შემოგვესია, გახსოვთ და გვამუნათებდნენ იმაზე, რომ როგორ გავბედეთ და დავიწყეთ ჩვენი შიდაპოლიტიკური არეალის დაცვა. ახლა თვითონ დადგნენ ამის წინაშე. საფრანგეთმა მიიღო უმკაცრესი კანონი, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება, ისეთი მკაცრი კანონი აქვს საფრანგეთს ამის თაობაზე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წარადგინა ახალი წესები, რომლებიც ასახულია „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტში, რათა უზრუნველყოს მეტი გამჭვირვალობა და უსაფრთხოება პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო.
აღნიშნულთან დაკავშირებით დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა განაცხადა: „მკაცრ ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს დააშინოს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილე ადამიანები და უკანონო უცხოური ფულით ძირი გამოუთხაროს ჩვენს არჩევნებს“.
ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კი თქვა: „კანონპროექტი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან - არ დავუშვებთ, რომ გამოიყენონ „ბინძური ფული“ ჩვენი არჩევნების საყიდლად“.