
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფორუმია. სიტყვა „უსაფრთხოებამ“ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, იმ დროს, როცა მსოფლიოში ომებია. კონფერენციის სლოგანი იყო Under Destruction – „რღვევის მდგომარეობაში“, რაც ასახავს ძველი წესრიგის რღვევას და ახალი წესრიგის შექმნას, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ განაცხადა.
კარტოზიას თქმით, საქართველოს მართლაც განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც ხიდს და დამაკავშირებელს.
„დაკავშირებადობის გზების ძიება იყო ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი არსი. ამ მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კონფერენციაში მონაწილეობა იყო მართლაც მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმ პანელურ დისკუსიაში, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, გამოიკვეთა საქართველოს როლი, როგორც ხიდისა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა შეხვედრები რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ს თავმჯდომარესთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრები. თვით მოწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამ კონფერენციაზე, ხოლო შემდეგ მისი ძალიან წარმატებული მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და ამ შეხვედრებზე, იყო კიდევ ერთხელ აღიარება საქართველოს განსაკუთრებული როლისა, ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გზების არა მხოლოდ ძიებაში, არამედ აღმოცენაში“, – განაცხადა კარტოზიამ.