რეზონანსი
15.02.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ­, რომ აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს, ძირითადად ჩინეთში ნავთობის გაყიდვის კუთხით, - ინფორმაციას Axios-ი ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების განცხადებით, მაქსიმალური ზეწოლის კამპანია ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე განხორციელდება.

Axios-ი განმარტავს, რატომ არის საკითხი მნიშვნელოვანი და წერს, რომ ირანული ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი ჩინეთში მიდის. თუ ჩინეთი ირანიდან ნავთობის შესყიდვებს შეამცირებს, ირანზე ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამან შეიძლება შეცვალოს ირანის გათვლები და აიძულოს ის, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მეტ დათმობაზე წავიდეს.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ნეთანიაჰუ და ტრამპი ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ აუცილებელ საბოლოო შედეგზე - ირანზე, რომელსაც არ ექნება ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა. თუმცა, ისინი ვერ შეთანხმდნენ ამ მიზნის მიღწევის გზაზე. გამოცემის წყაროების განცხადებით, ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ ირანთან კარგი შეთანხმების დადება შეუძლებელია და რომ მაშინაც კი, თუ შეთანხმებას ხელი მოეწერება, ირანი მას არ დაიცავს. ტრამპმა კი ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მისი აზრით, ირანთან შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპმა თავის მრჩევლებს სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს ჰკითხა, ირანთან შეთანხმების მიღწევის რა შანსები არსებობს. მრჩევლებმა ტრამპს განუცხადეს, რომ ისტორია აჩვენებს, რომ ირანთან კარგი შეთანხმების მიღწევა რთულია, თუ არა შეუძლებელი. თუმცა, მათ ასევე უთხრეს ტრამპს, რომ ჯერჯერობით ირანელები ყველაფერს სწორად ამბობენ.

ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკის განცხადებით, კუშნერმა და უიტკოფმა ტრამპს უთხრეს, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და მკაცრ პოზიციას დაიკავებენ.

უიტკოფი და კუშნერი ჟენევაში ირანელებთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის შეხვედრას სამშაბათს გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×