
მსოფლიოს ლიდერთა შეკრების ადგილი ისევ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - უკვე მესამე დღეა სახელმწიფოს მეთაურები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები მიუნხენში, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაზე მსჯელობენ.
რა როლი აქვს საქართველოს ამ პროცესში? - საერთაშორისო ტრიბუნიდან თბილისის სათქმელი, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა თქვა. შუა დერეფანი და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, დაკავშირებადობა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა - მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის პოტენციალი და მნიშვნელობა პანელური დისკუსიისა და მაღალი რანგის შეხვედრების ფარგლებში გააცნო.
ეუთო-ს პირველი პირები და კოლეგა მინისტრები - შეხვედრებზე აქცენტი რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე გაკეთდა, ბევრი ითქვა საქართველოზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ნაწილზე. მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებს ქვეყნის პრიორიტეტები და ხედვები გააცნო.
"მსჯელობა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შეეხება დაკავშირებადოებას, შუა დერეფნის ფუნქციონირებას, განვითარებას, იყო არაერთ ფორმატში, მათ შორის, ერთ-ერთ დიალოგში მეც მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი. საინტერესო მოხსენებებიც მოვისმინეთ, რაც ალბათ მნიშვნელოვანი გადასაფასებელი იქნება ევროპელი ლიდერებისთვის და გასათვალისწინებელი სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაში," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.