რეზონანსი
15.02.2026

რეგიონში, სადაც ყველაფერი სულ უფრო მეტად ჩინეთის ტემპით იზომება, ინდოეთის დახმარება გავლენას მხოლოდ მაშინ მოიპოვებს, როდესაც ის ნდობასაც დაიმსახურებს.

ინდოეთის წლიურ ბიუჯეტში „ქვეყნებისთვის დახმარების“ მუხლით გამოყოფილი გამოყოფილი სახსრები კარგად აჩვენებს მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ასევე იმას, თუ რომელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებით არის ის დაინტერესებული, სულ მცირე, მომავალ წელს. 

2026–27 წლების ბიუჯეტში ინდოეთის საგარეო დახმარების ტრაექტორია არავის უნდა გაუკვირდეს. ნიუ-დელი აკეთებს იმას, რასაც რეგიონული ძალები ყოველთვის აკეთებენ — შეზღუდულ სახსრებს იქ მიმართავს, სადაც ისინი ყველაზე მეტ გავლენას მოიტანს. 

2026–27 წლების საბიუჯეტო შეფასებების უახლესი მონაცემები გვაჩვენეგბენ, რომ „ქვეყნებისთვის დახმარების“ მთლიანი ასიგნება დაახლოებით $637 მილიონს შეადგენს.

გასაკვირი არ არის, რომ ბუტანი ინდოეთის დახმარების ყველაზე მსხვილ მიმღებად რჩება. ბუტანისთვის განკუთვნილი დახმარება 2025-26 წლების გადახედილი შეფასებებით გათვალისწინებული $235 მილიონიდან, უახლეს ბიუჯეტში დაახლოებით $249.7 მილიონამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა დახმარება ნეპალისა და შრი-ლანკასთვის. ნეპალისთვის გამოყოფილი თანხა $76.3 მილიონიდან - $87.3 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო შრი-ლანკას დახმარებამ დაახლოებით $32.7 მილიონიდან - $43.6 მილიონამდე მოიმატა. არც ეს უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ინდოეთს სურს, ორივე ამ ქვეყანაში ჩინეთს, სულ მცირე, კონკურენცია გაუწიოს. გაზრდილი დაფინანსებით ნიუ-დელი ცდილობს, დარჩეს განვითარების თვალსაჩინო პარტნიორად ნეპალსა და შრი-ლანკაში, სადაც შიდა პოლიტიკა, ელიტური გარიგებები და გარე კონკურენცია ხშირად იკვეთება. 

მალდივებისთვის გამოყოფილი თანხა ოდნავ შემცირდა — დაახლოებით $65 მილიონიდან $60 მილიონამდე.

ბანგლადეშისთვის დახმარების შემცირება უფრო თვალშისაცემია, რაც 131 მილიონი დოლარიდან  - დაახლოებით 65 მილიონ დოლარამდე დაეცა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ინდოეთის ურთიერთობები ბანგლადეშთან სწრაფად გაუარესდა დაკაში 2024 წლის პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის კვალდაკვალ, როდესაც ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ძალაუფლებას ჩამოაშორეს. მას შემდეგ ის ინდოეთში ცხოვრობს, ხოლო ნარენდრა მოდის მთავრობამ უგულებელყო ბანგლადეშის დროებითი მთავრობის ვერბალური ნოტა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ექსტრადაციას ითხოვდა. ბანგლადეშმა ჰასინა დამნაშავედ ცნო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 

მიანმარისთვის დახმარება 38 მილიონი დოლარიდან 33 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ ქვეყანაში მიმდინარე შიდა კონფლიქტითაა განპირობებული, რაც ართულებს საპროექტო ციკლების მართვას.

2026-27 წლების ციკლში აღსანიშნავი გამოტოვებაა ირანში ჩაბაჰარის პორტისთვის დაფინანსების არარსებობა. ინდოეთს არ გამოუყვია თანხები პორტისთვის, რომელიც იყო ინდოეთის ფლაგმანური პროექტი და ცენტრალურ აზიასთან კავშირის დამყარების პირობას იძლეოდა. ჩაბაჰარი ინდოეთის სტრატეგიული წვდომის სიმბოლო იყო, თუმცა საბიუჯეტო დაფინანსება 2025-26 წლების დაახლოებით $43.6 მილიონიდან უახლეს ბიუჯეტში ნულამდე შემცირდა. ჩაბაჰარისთვის დაფინანსების შეწყვეტა მოსალოდნელი იყო, რადგან ირანთან კავშირების გაწყვეტა აუცილებელი იყო შეერთებულ შტატებთან სავაჭრო გარიგების გასაფორმებლად. კვირების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთი იქ თავის ოპერაციებს ზღუდავდა.

ინდოეთმა ასევე გამოყო $2.8 მილიონი დახმარება მონღოლეთისთვის, $2 მილიონი სეიშელის კუნძულებისთვის და $60 მილიონი მავრიკისთვის. მონღოლეთისთვის განკუთვნილი დახმარება ძირითადად ფოკუსირებულია სტიპენდიებზე, ტრენინგებსა და მცირე პროექტებზე. ეს ინარჩუნებს კეთილგანწყობას და ნიუ-დელის აძლევს დიპლომატიურ დასაყრდენს ჩინეთსა და რუსეთს შორის მდებარე ქვეყანაში. სეიშელის კუნძულებთან თანამშრომლობა, რომელიც ინდოეთის ოკეანის საკვანძო საზღვაო გზებზე მდებარეობს, მნიშვნელოვანია საზღვაო მეთვალყურეობისა და სამხედრო-საზღვაო წვდომისთვის. მეორე მხრივ, ინდოეთს კულტურული კავშირები აქვს მავრიკისთან, ქვეყანასთან, სადაც ინდოელი წარმოშობის დიდი მოსახლეობაა, და კუნძული სტრატეგიულად მდებარეობს, რაც ინდოეთს უბიძგებს იქ უფრო დიდი გრანტები გამოყოს.

2026-27 წლების ბიუჯეტში სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი დახმარების ასიგნება მიუთითებს, რომ ინდოეთის დახმარება ეფუძნება სტრატეგიულ პრიორიტეტებს და არა მიმღები ქვეყნის განვითარების საჭიროებებს. ეს მიდგომა ახალი არ არის. 

ინდოეთის საგარეო დახმარების პროგრამა სათავეს 1940-იანი წლებიდან იღებს. მას შემდეგ, ინდოეთის დახმარება სხვა ქვეყნებისადმი პერიოდულად იზრდებოდა და მცირდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1964 წელს შექმნა ორმხრივი საგარეო დახმარების პროგრამა — ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის (ITEC) პროგრამა. ინდოეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საგარეო დახმარება 2000-იან წლებში და 2010-იანი წლების შუა პერიოდში. 

გასული ათწლეულის განმავლობაში ასიგნებები უფრო არასტაბილური იყო. საგარეო დახმარების ხარჯები 26.5 პროცენტით შემცირდა 2015-16 წლებში და კვლავ 2016-17 წლებში, დემონეტიზაციისა და GST-ის შოკების ფონზე. 2021-22 წლებში ის 26 პროცენტით შემცირდა COVID პანდემიის გამო. ეს მოსალოდნელიც იყო მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისების გათვალისწინებით, როდესაც მთავრობების უმეტესობა უფრო ხელმომჭირნე გახდა.

ამით მივადექით მთავარ გამოცანას: რატომ ხარჯავს ინდოეთი, რომელსაც განვითარების საკუთარი უზარმაზარი საჭიროებები აქვს, მწირ ფისკალურ რესურსებს საგარეო დახმარებაზე? რეალისტი მოაზროვნეები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ საგარეო დახმარება საგარეო პოლიტიკის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ დონორები თავიანთ ქმედებებს ხშირად ეთიკისა და მორალის ენით წარმოაჩენენ. რეალისტების აზრით, ინდოეთი დახმარებას იმიტომ გასცემს, რომ დახმარება წვდომის მოპოვებისა და მიმღები ქვეყნის პოლიტიკურ ეკოსისტემაში დღის წესრიგზე გავლენის მოხდენის საშუალებას იძლევა. დახმარებას შეუძლია შექმნას ინდოეთზე ისეთი დამოკიდებულება, რომელიც საარჩევნო ციკლებსაც კი გასტანს. დახმარება ასევე ხელს უწყობს ინდოეთის კომერციულ და საკომუნიკაციო ინტერესებს იმგვარი ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუტების შექმნით, რომლებიც ვაჭრობასა და ინვესტირებას ამარტივებს. 

ინდოეთი ასევე იძულებულია, გაზარდოს დახმარება მეზობლების მიმართ ჩინეთის ფაქტორის გამო. ინდოეთის თითქმის ყველა მეზობელი ჩართულია პეკინის „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“. კოლომბომ, კატმანდუმ და მალემ ჩინური ინტერესი სათავისოდ გამოიყენეს, რათა პეკინისა და დელის მიმართ საკუთარი სამოლაპარაკო პოზიციები გაეძლიერებინათ და ინდოეთზე გადაჭარბებული დამოკიდებულებისგან თავი დაეზღვიათ.

მაშ, რას ნიშნავს რეგიონისთვის ინდოეთის 2026–27 წლების სახსრების გამოყოფა მეზობელი ქვეყნებისთვის? ბუტანისთვის ინდოეთის მხარდაჭერის კვლავინდებური დომინირება უზრუნველყოფს სტაბილურობას, თუმცა აძლიერებს ღრმა ურთიერთდამოკიდებულებას. ნეპალისთვის დაფინანსების ზრდა აჩენს შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე რისკებს. გაზრდილი დახმარება შეიძლება მიიმართოს ეროვნულ გეგმებთან თავსებად პრიორიტეტებზე, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული შიდა პოლიტიკაზე. არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი. 

კოლომბოს, რომელიც ახლახან გამოვიდა სუვერენული ვალის დეფოლტიდან და ციკლონ „დიტვას“ შედეგებიდან, სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა, რისი მიღებაც შეუძლია, თუმცა ინდოეთის დახმარებამ შესაძლოა გაამძაფროს დებატები სუვერენიტეტისა და საგარეო ორიენტაციის შესახებ. მალდივებისა და მიანმარის შემთხვევაში, დაფინანსების შემცირება არ ნიშნავს მათ მიტოვებას. ეს, სავარაუდოდ, ასახავს საპროექტო ციკლებს, ათვისების უნარს ან სტრატეგიულ არჩევანს — აქცენტი სხვა ინსტრუმენტებზე გადაიტანონ. 

მაგრამ ბანგლადეშის შემთხვევაში, დახმარების შემცირებას სიმბოლური დატვირთვა აქვს — ჰასინას მთავრობასთან ინდოეთის სიახლოვის გათვალისწინებით — და, სავარაუდოდ, წაახალისებს თავის დაზღვევის პოლიტიკის გაღრმავებას.

ჩაბაჰარზე უარის თქმა, ინდოეთის გადაწყვეტილებასთან ერთად, არ გამოიყენოს რუსული ნავთობი, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც ჩანს, ინდოეთი მზადაა შეაჩეროს ან პრიორიტეტულობა შეუმციროს დამაკავშირებელ პროექტს, რომელსაც ადრე სტრატეგიულად მნიშვნელოვნად წარმოაჩენდა, როდესაც გარე ზეწოლა მოსალოდნელ ხარჯებს ზრდის. ინდოეთის მეზობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუმცა ინდოეთი მზადაა გადაიხადოს უშუალო სამეზობლოში გავლენის მოსაპოვებლად, მას არ აქვს სურვილი, აშშ-ის ესკალაციის დინამიკაში მოექცეს. 

საბოლოო ჯამში, თუ ინდოეთს სურს, რომ ამ სტრატეგიამ იმუშაოს, მან რესურსების გამოყოფას შესრულებაც უნდა შეუსაბამოს. ინდოეთის ისტორიული გამოწვევა არა მისი ხარჯების მოცულობა, არამედ მიწოდების სისწრაფე და საიმედოობაა. წარსულში ინდოეთმა ამბიციური პროექტები დააანონსა, თუმცა მათი განხორციელება ხშირად ნელი იყო. რეგიონში, რომელიც ყველაფერს სულ უფრო მეტად ჩინეთის ტემპს ადარებს, ინდოეთის დახმარება გავლენას მხოლოდ მაშინ შეიძენს, როდესაც ის ნდობასაც შეიძენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×