
მივმართეთ [განათლების სამინისტროს] და პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენი პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციაზე "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.
მისი თქმით, "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპით "ქართულმა ოცნებამ" დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, მისი პროგრამების 92% ჩამოაჭრა."
"დღეს ილიაუნის იუბილეა - 20 წლის გახდა და სამწუხაროდ, ამ "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის" სრულიად გამოგონილი პრინციპით "ქართულმა ოცნებამ" დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, მისი პროგრამების 92% ჩამოაჭრა. ამას ჩვენ ვერ დავეთანხმებით, ამაზე არაერთგზის განვაცხადეთ. ყველა დონეზე - იქნება ეს დებატები, მტკიცე აკადემიური პროცესი თუ სამართლებრივი გზა - ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.
მივმართეთ [განათლების სამინისტროს] და პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენი პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები", - განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.
ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები: "უნივერსიტეტი ავტონომიურია", "მთავრობამ რა იცის ცოდნა რა ხილია?".
დემონსტრანტები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
მანამდე აქცია გაიმართა დედაენის ბაღში, სადაც სტუდენტები და ლექტორები სიტყვით გამოვიდნენ.
ამასთან, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება განათლების სამინისტროსთან, სადაც ისინი 14:00 საათზე შეიკრიბებიან.
ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას. ასევე დადგინდა კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები.
კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს, თსუ-ში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 6650-ით განისაზღვრა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე მომდევნო სასწავლო წელს 3880 მისაღები ადგილი იქნება გათვალისწინებული, ხოლო ილიას უნივერსიტეტს, სასწავლებელში არსებულ პროგრამებზე, ჯამურად, 300 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.
ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში - მედიცინის სპეციალობებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე. ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე. ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით.