
რეჟიმი აპირებს, მისი ლეგიტიმაციის აღიარება გაუტოლოს, გაუთანაბროს კონსტიტუციური წესრიგის აღიარებას. თვითონ „ქართული ოცნება“ გავიდა კონსტიტუციური სივრციდან უკვე ორ წელიწადზე მეტია. ის არის არალეგიტიმური რეჟიმი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
სიორიძის თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს და ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს აზრი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
„ეს არის აღიარებული, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერაც, არაერთგზის, მაგრამ ფაქტია, რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. ადრე საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ წაშლილია ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ამას „ქართული ოცნება“ უარყოფდა. ახლა კი ცდილობს, დააკანონოს და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, ვინც ამას არ აღიარებენ“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, აღნიშნული გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდებას, სხვა ქმედებას, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ, აზიანებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების საფრთხეს.
არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ მკაფიო ზღვარი იქნება გავლებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულებრივ ქმედებას შორის. არჩილ გორდულაძის განმარტებით, მთავარი განმსაზღვრელი იქნება, მოუწოდებენ თუ არა პირები სისტემურად და სისტემატურად, საჯაროდ მოქალაქეებს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, ასევე, ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ და სისტემატურად და საჯაროდ თავს წარმოაჩენენ თუ არა, თითქოს არიან კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლები. ამავდროულად, ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის თუ არა მიმართული კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს ან რეალურ საფრთხეს უქმნის თუ არა საქართველოს ინტერესების დაზიანებას.
„ქართულ ოცნებაში“ ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა სასჯელის განსაზღვრისას იქნება დამამძიმებელი გარემოება.