რეზონანსი
16.02.2026

სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სწორი დიალოგი გაიმართოს. ევროპის დიპლომატიის მიზანია, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს და პოზიციები გაირკვეს. მომხრე ვართ, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს, რათა ერთმანეთის მიმართ ვიყოთ მართლები, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

ბლანარის თქმით, სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს.

ამასთან, სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ სლოვაკეთს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება სურს.

„დღეს ვისაუბრეთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს აქვს 7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ამიტომ გვინდა, გავაღრმაოთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატია. ვაპირებთ, ჩვენი ეკონომიკური ატაშეს საქართველოში გამოგზავნას, რომ მან მოიძიოს და გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა. არსებობს ბევრი სფერო, რომელშიც შეგვიძლია, საქართველოსთვის სასარგებლო ვიყოთ, მაგალითად, მწვანე ენერგიები, ინოვაციები, გამავალი წყლების გაწმენდა. დიდი ხანი არ არის, რაც სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ქალბატონ მინისტრთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ამ საკითხზე.  ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ დავასრულოთ სხვა შეთანხმებებიც. მინისტრს ვთხოვე, რომ ეს საკითხი მიიყვანოს ბოლომდე. მაგალითად, შეთანხმება ინვესტიციების შესახებ“, – განაცხადა ბლანარმა.

ასევე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის მინისტრს ქვეყანაში ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა კულტურის სფეროშიც მნიშვნელოვანია.

„ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის მინისტრს, რომელიც გვესტუმრა. ეს ერთ-ერთი მაგალითია, როგორ დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი კულტურის დარგში. დღევანდელი შეხვედრისას შევეხეთ საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში. სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ევროპის დიპლომატიის მიზანია, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს და პოზიციები გაირკვეს. მომხრე ვართ, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს, რათა ერთმანეთის მიმართ ვიყოთ მართლები. კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს, რომ გამოირიცხოს დეზინფორმაციები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრმა პირველი ხელიდან უნდა მიიღოს ეს ინფორმაციები. ვიცით, სად იმყოფება ეს დიალოგი და გვინდა, ეს გაგრძელდეს. რუსეთთან კავშირში მოიხსენიება ნავსადგური, რომელიც ბრიუსელის აზრით, გამოიყენება სანქციებისთვის თავის არიდებაში. ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან არის ძალიან მჭიდრო კავშირი საქართველოს მხრიდან და ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს, რატომ აარიდებდა საქართველო ამ სანქციებს თავს. ვეწინააღმდეგები ამ პორტის სანქციების ჩამონათვალში შეტანას“, – განაცხადა ბლანარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×