რეზონანსი
16.02.2026

 სპეციალური ლაბორატორიები მოქალაქის უმოკლეს ვადაში იდენტიფიცირებისთვის, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოთახები არალეგალებისთვის და სპეციალური სივრცეები სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე კანონდამრღვევის განთავსებისთვის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ახალი შენობა აქვს.

მთავრობის დადგენილებით პირველი მარტიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება, ხელისუფლება პირობას დებს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში აღრიცხული, დაახლოებით 20 000 არალეგალი აღარ იქნება, უცხოელების საქართველოში ყოფნის ვადები კი მკაცრად გაკონტროლდება.

მთავარი პრიორიტეტის სისრულეში მოყვანა ჯერ კიდევ 2017 წლიდან, საკანონმდებლო ჩარჩოს რეგულირებით დაიწყო. პროცესი კი იმ უწყების რეფორმით გაგრძელდა, რომლის მთავარი ფუნქციაც უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია და აღკვეთაა. პრემიერ-მინისტრი დღეს სწორედ მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია. დღეს ქვეყანაში უცხოელების 70% პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეები არიან. გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან კი ქვეყანას მიგრანტები პრაქტიკულად არ ჰყავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, სტატისტიკამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ე.წ. არაბიზაცია ოპოზიციის ყალბი კამპანიის ნაწილი იყო.

ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ის ძირითადი საშუალებებია, რაც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის. მიგრაციის დეპარტამენტის ახალ შენობაში დღეს პრემიერ-მინისტრს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა უმასპინძლა. გეკა გელაძემ დეპარტამენტის საქმიანობაზე ისაუბრა და თქვა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტია გაძევებული ქვეყნიდან, ვიდრე ჯამურად 10 წლის განმავლობაში.

პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან შვიდი მილიონი ლარი დაიხარჯა. 1900 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ახალი შენობა 150 თანამშრომელზეა გათვლილი. შენობაში ფუნქციონირებს ლაბორატორიები, სადაც პირის იდენტიფიკაცია უმოკლეს დროშია შესაძლებელი. მოწყობილია სპეციალური სივრცეები თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის. პარალელურად, აქტიურ ფაზაშია დროებითი განთავსების ცენტრის რეკონსტრუქციის პროცესიც. პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება და ის 150 დაკავებულ არალეგალ პირს მოემსახურება.

პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სასესიო კვირაში საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. 18 თებერვალს ირაკლი კობახიძეს დეპუტატები ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. მთავარი თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×