
გულუბრყვილობა იყო იმედის ქონა, რომ უკრაინას, ევროპას, აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმება მოკლევადიან პერსპექტივაში მიიღწეოდა, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
პაველის თქმით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის პოზიციის გამო ნაკლებად სავარაუდოა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა უშედეგო უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები, პაველმა უპასუხა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია შედეგის მიმართ მათ მოლოდინებზე.
„ვინმეს მოლოდინი თუ ჰქონდა, რომ უკრაინას, ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნებოდა, ეს ნამდვილად გულუბრყვილობა იყო. ის ფაქტი, რომ უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა, უკვე დიდი წარმატებაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი წინააღმდეგობრივი განცხადება მოვისმინეთ ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა მხრიდან. მნიშვნელოვანია არა უკრაინისა და მისი მხარდამჭერების შეთანხმება, არამედ შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე მებრძოლ მხარესთან, ანუ რუსეთთან", - განაცხადა პაველმა.
პეტრ პაველის თქმით, რუსეთს კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა ჯერ კიდევ არ გამოუვლენია.
„მას ჯერ კიდევ მაქსიმალისტური მიზნები აქვს, რომელიც უკრაინისთვის შეზღუდვების დაწესებას და უკრაინის მომავალს, კერძოდ, მის ტერიტორიებს ეხება. ამიტომ რუსეთის მიმართ პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, რათა მოლაპარაკებებში ნაკლებად ხელსაყრელ პოზიციაში არ აღმოჩნდნენ. ისტორია გვასწავლის, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, როდესაც ორივე მხარე შედარებით ხელსაყრელ მდგომარეობაშია. ეს ასე თუ არ არის, მაშინ ერთ-ერთი მხარე, რომელიც ხელსაყრელ მდგომარეობაშია, ყოველთვის მოისურვებს კონფლიქტის გახანგრძლივებას, მისი დასრულების ნაცვლად", - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.