
"ჩვენ უნდა განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფო" - პრეზიდენტის განცხადებით, ამ პასუხისმგებლობის გააზრება როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე საზოგადოების ვალია, რადგან სწორედ ეროვნული ინტერესებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა განსაზღვრავს სახელმწიფოებრიობის არსს. მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და გარე ძალების მხრიდან ზეწოლა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში ესკალაციას ისახავს მიზნად.
საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, პრეზიდენტის შეფასებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, თუმცა არჩევნების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ოპოზიციას სულ სხვა გეგმები ჰქონდა. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა 4 ოქტომბრის საღამოს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რადიკალურმა ჯგუფებმა ძალადობრივი გზით, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება ცადეს.
საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენა, კითხვა-პასუხის ფორმატს არ ითვალისწინებდა, თუმცა დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებების გასაჟღერებლად საპარლამენტო ტრიბუნა და ფრაქციებისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენეს.
საქართველო, როგორც საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყანა და აზია/ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი. პრეზიდენტმა საკუთარ ანგარიშში, ქვეყნის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსის გაძლიერებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.
საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის ბოლოს, პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებული პრიორიტეტები შეაჯამა. გლობალური მშვიდობის ხელშეწყობა, ეკონომიკის გაძლიერება, უსაფრთხოების რისკების მინიმუმამდე დაყვანა, სტაბილური გარემოს შენარჩუნება - მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ამ პირობების მიღწევა ქართველი ხალხის ერთიანობის შემთხვევაში, მარტივად არის შესაძლებელი.