რეზონანსი
18.02.2026

კომპლექსურად არის ყველაფერი გასააზრებელი იმისთვის, რომ ჩვენ გავატაროთ ისეთი ზომები, რომლებიც რეალურად მოგვცემს ხელშესახებ შედეგებს დემოგრაფიის ნაწილში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც ჩამოყალიბებულია შობადობისა და ქორწინება-განქორწინების მიმართულებით, რადიკალურად შეიცვალოს.

„რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, გაზრდილია, თუ შემცირებულია მოსახლეობა და არის თუ არა შეცვლილი უარყოფითისკენ ეს ტენდენციები. ჩვენ შეგვიძლია, შევადაროთ 2012 წლის შემდეგ არსებული დინამიკა მანამდე არსებულ დინამიკას. 2003 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 3 მლნ 966 ათასი და შემცირდა 3 მლნ 739 ათასამდე. დაახლოებით, 226 ათასით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში. მოგეხსენებათ, საქსტატმა ჩაატარა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 მლნ 914 ათასს, აქ ბოლომდე რომ ვთქვათ სიმართლე, მნიშვნელოვან წილად მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია იმიგრაციასთან, როგორც უკვე ვთქვით, დღევანდელი მაჩვენებელი არის 257 ათასამდე და მანამდე ეს მაჩვენებელი იყო ნაკლები, 150 000-მდე. თუმცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც, არის დადებითისკენ შეცვლილი ტენდენცია.

ვერ ვიტყვი, რომ დადებითია ტენდენცია, მაგრამ დადებითი მიმართულებით არის შეცვლილი. თუმცა, ჩვენ ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ, მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული შობადობის მიმართულებით, ქორწინება-განქორწინების მიმართულებით, რადიკალურად შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ფინანსური პრივილეგიების დაწესების საკითხი და ასეთი ზომები მიღებულ იქნა გასული წლების განმავლობაში.

არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც საკმაოდ დიდ ინვესტიციებს დებენ ოჯახის საკითხებში, ზოგადად, მათ შორის, შობადობის საკითხებში. უნგრეთი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც, მთლიანობაში, საკუთარი ეკონომიკის 5 %-დან 6 %-მდე დებს ყოველწლიურად ოჯახის საკითხებში, თუმცა უნგრეთმაც კი ვერ შეძლო ნულოვან ნიშნულამდე ასვლა, ანუ იქაც საერთო დემოგრაფიული მაჩვენებლები არის კვლავაც მინუსში. უფრო მეტად მსოფლმხედველობითი საფუძველი აქვს იმ ტენდენციებს, რომლებიც არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ფინანსური და ეკონომიკური. ამიტომ, კარგად, კომპლექსურად არის ყველაფერი გასააზრებელი იმისათვის, რომ ჩვენ გავატაროთ ისეთი ზომები, რომლებიც რეალურად მოგვცემს ხელშესახებ შედეგებს დემოგრაფიის ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×